ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან ოქროს შეძენით რეზერვების დივერსიფიცირება მისასალმებელი ნაბიჯია. როგორც ცომაიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რაც უფრო მეტად იქნება პორტფელი დივერსიფიცირებული, მით მეტად იქნება ის დაცული სხვადასხვა შოკებისა და სავალუტო რყევებისგან.
მისივე თქმით, სხვა ცენტრალურ ბანკებში ოქროთი დივერსიფიცირება დიდი ხნის პრაქტიკაა და საშუალოდ 18-20%-ის ფარგლებში მერყეობს.
„გადაწყვეტილებაში არაფერი განსხვავებული არ არის, ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ცენტრალურ ბანკებს და ზოგადად როგორც საფინანსო ინსტიტუტებს სჩვევიათ ხოლმე, პორტფელის დივერსიფიცირებას ახდენენ, რაც მისასალმებელია.
რაც უფრო მეტად იქნება პორტფელი დივერსიფიცირებული, მით მეტად დაცული იქნება სხვადასხვა შოკებისგან და სავალუტო რყევებისგან. მით უფრო, რომ ბოლო ტენდენცია აჩვენებს, რომ ოქროზე ფასი იზრდება. არ არის გამორიცხული რომ ეს ტრენდი შეიცვალოს. ოქროს ფასი ისევე იცვლის ღირებულებას როგორც სხვა ვალუტები, მაგრამ ახლა ოქროზე ფასი იზრდება რაც ნიშნავს, რომ პორტფელში აქტივების ღირებულება რომ გაიზარდოს, ამის ალბათობა მაღალია.
აქედან გამომდინარე ეს არ არის ცუდი ნაბიჯი და კარგია, როცა საფინანსო ინსტიტუტები თავისი პორტფელის დივერსიფიცირებას ახდენენ. მთლიან პორტფელში ეს 11-12%-ია, თუ გადავხედავთ საშუალო მაჩვენებლებს სხვა ქვეყნებში, ვნახავთ, რომ 18-20%-ს აღწევს. ადრეც შეიძლებოდა ამის გაკეთება“, - აღნიშნა ცომაიამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონ დოლარად 7 ტონა ოქრო შეძენაზე ინფორმაცია სებ-მა გუშინ გაავრცელა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქრო ამიერიდან მათ სავალუტო რეზერვებში დაიკავებს ადგილს.
არსებული მდგომარეობით უნცია ოქროს საფასური 2,336 დოლარია, რაც ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს. ბოლო 1 წლის განმავლობაში ოქროს ღირებულება 17%-ით გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, ოქროზე საქართველოს სავალუტო რეზერვების 11% მოდის.