აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს, ნაცვლად 10 ჰექტარისა, ფერმერები არაუმეტეს 20 ჰექტარის დაზღვევას შეძლებენ, მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში კი, 50 ჰექტარის ნაცვლად, შესაძლებელი ხდება არაუმეტეს 100 ჰექტარის დაზღვევა. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში დაკორექტირდა სადაზღვევო ტარიფები და ზარალის შეფასების ვადებიც.
დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში შესულ ცვლილებებს დადებითად აფასებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, თუმცა ამბობს, რომ ის არ ეხმიანება იმ პრობლემებს, რაზეც ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამასთან მიმართებით წლებია აწყდებიან. რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პროგრამით დადგენილი ნორმატიული ფასებია, რაც 10 წლის წინ დადგინდა და დღევანდელ რეალობას აცდენილია.
“პირველი გამოწვევა, რაც დღესაა, არის ტარიფები, იქნება ეს საჰექტარო მოსავლიანობა თუ ნორმატიული ფასი, რომელიც დადგენილი და მოცემულია სხვადასხვა კულტურებზე, 10 წლის წინ შემუშავდა, შესაბამისად, დღეს გვაქვს სხვა სურათი ფასებთან დაკავშირებით. ფერმერები ამას არ ეთანხმებიან და მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაწილი გადაიხედოს.
ასევე მნიშვნელოვანია შეფასების ნაწილი, როდესაც დგება ზარალი, ფერმერების ნაწილი არ ეთანხმება ზარალის დადგენის კოეფიციენტს და ამაზე ხშირად არის დავა. ხშირად სამხარაულის ბიუროსაც მიმართავენ ექსპერტები, რათა გადამოწმდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.
ასევე ,გარკვეული რაოდენობის რისკები არ იფარება, მაგალითად, საგაზაფხულო ყინვა, რაზეც არ ვრცელდება დაზღვევა. ეს საბოლოო გვაძლევს იმას, რომ ის ცვლილებები, რაც შევიდა შეიძლება საჭიროა, მაგრამ არასაკმარისი, იმისთვის, რომ აგროდაზღვევის პროგრამა განვითარდეს ქვეყანაში", - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.
ცნობისთვის, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ისეთ სადაზღვევო რისკებს ფარავს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა, ხოლო თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე იღებს. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგალითად წელს ბიუჯეტში ამ მიმართულებით 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.