ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წელს წყალმომარაგების პროგრამას 365 000 ახალი ბენეფიციარი ეყოლება, რომელთაგანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასდროს ჰქონია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის ნაწილში წყალმომარაგება. გეგმის მიხედვით გრძელდება მუშაობა, ამოცანაა, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი იყოს უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. 2024 წელს უკვე 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც უკვე ამ წლის ბოლომდე გვექნება.
გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, სახელმწიფომ გაზიფიცირების პროგრამა 2013 წლიდან დაიწყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 2013-2023 წლებში, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირდა 782 დასახლებული პუნქტი და 193 395 აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა.