საქართველოში წყალმომარაგების სისტემაზე მოსახლეობის 74.5%-ია მიერთებული, წყალარინების ქსელზე - 53.7% - ამის შესახებ საქსტატის წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის 2023 წლის შედეგებშია ნათქვამი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 29 საწარმო ახორციელებდა, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 231.5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 11.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (208.0 მილიონი კუბური მეტრი).
„2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.75 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 74.5%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.67 მილიონი ადამიანი) 3%-ით აღემატება.
2023 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.98 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 53.7%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.96 მილიონი) 1.0%-ით აღემატება.
ამასთან, 2023 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.52 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 41.2%) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (1.49 მილიონი) 2.0%-ით მეტია“, - ნათქვამია გამოკვლევის შედეგებში.