"საქმიანი ტურიზმი, ამ ეტაპზე, არა მხოლოდ დაზარალდა, არამედ სრულიად წარმოუდგენელი დარტყმა მიიღო" - ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გავლენას ტურიზმზე BMGTV-ის ეთერში BTL Georgia-ს დამფუძნებელი და ბიზნესგანვითარების დირექტორი აფასებენ. როგორც მათ გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" აღნიშნეს, არსებული ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს როგორც საქმიან, ისე ტრადიციულ ტურიზმს.
"თუ ვსაუბრობთ საქმიან ტურიზმზე, შემიძლია გითხრათ, რომ საქმიანი ტურიზმი ამ ეტაპზე არა მხოლოდ დაზარალდა, არამედ სრულიად წარმოუდგენელი დარტყმა მიიღო. თუ ვისაუბრეთ leisure ტურიზმზე, აქ კიდევ შეიძლება იყოს მოძრაობა, იმიტომ რომ ყველა პირი თვითონ წყვეტს, წავიდეს თუ არა ქვეყანაში, მაგრამ როდესაც კორპორაცია წყვეტს, სად წავიდეს და ჩაატაროს თავისი ღონისძიება, პირველი კრიტერიუმები უსაფრთხოებაა, დემოკრატიული პროცესები, ადამიანის უფლებები და ა.შ. შესაბამისად, ახლო მომავალში, რამდენიმე თვე მაინც, ამოვარდნილი ვართ იმ ქვეყნების სიიდან, რომელსაც დამკვეთები ღონისძიების ჩასატარებლად განიხილავენ", - ამბობს BTL Georgia-ს დამფუძნებელი, მაია ბიბილაური.
როგორ გურამ ავალიანი, კომპანიის ბიზნესგანვითარების დირექტორი აღნიშნავს, მიმდინარე პროცესების გავლენა მოკლევადიან ჭრილში უკვე ჩანს. მისი თქმით, მიუხედავად მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებისა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ, რადგან ქვეყანა უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ.
"მოკლევადიან ჭრილში კომპანია შედეგებს უკვე ხედავს, ჩვენ გვქონდა წინასწარი მოლოდინები, რომლებთანაც შესაბამისობაში ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს. გარდა ამისა, ვხედავთ, იმ შედეგებს, რომლებიც უნდა გვქონოდა ჩვენი ინვესტიციებიდან და შრომიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენმა კომპანიამ გასწია: ათობით ბაზარზე პროაქტიური მუშაობის ხარჯზე, ჩამოვაყალიბეთ საკმაოდ მჭიდრო კორპორაციული ურთიერთობები, პირველ რიგში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან და ცოტა კურიოზულია ის დამოკიდებულება, რასაც ახლა ვიღებთ ამ პარტნიორების მხრიდან. ისინი ინარჩუნებენ კონტაქტს და გამოხატავენ მხარდაჭერას, თუმცა ამის პარალელურად, ტურიზმი ერთ-ერთი ინდუსტრიაა, რომელიც სტერეოტიპებით მოქმედებს. შესაბამისად, ადამიანის გონებაში რა ასოციაციებიც ყალიბდება, იქიდან გამომდინარე ირჩევს სასურველ სამოგზაურო ქვეყანას.
თუ ქვეყანაში დესტაბილიზაცია ხანგრძლივად გაგრძელდება, მით უფრო გამყარდება ჩვენი მომხმარებლის გონებაში სტერეოტიპი, რომ ჩვენი მიმართულება არ არის უსაფრთხო, სტაბილური, და რაც მთავარია, ტოლერანტული. ტურიზმი თავისი არსით გლობალური ბიზნესია რომელიც მიმღებლობას და მრავალფეროვნებას გულისხმობს", - ამბობს გურამ ავალიანი.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რეალურად დადგა ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის წინაშე, გამყვანი ტურიზმი, განსაკუთრებით კი ჯგუფური მოგზაურობის მიმართულება, მნიშვნელოვნად იზარალებს.
"გამყვანი ტურიზმის ერთ-ერთი დიდი ბიძგი ვიზალიბერალიზაცია იყო, ბევრად უფრო გამარტივებულია პროცესი და უფრო დიდი სიხშირითაც მოგზაურობს ქართველი ადამიანი. თუ ჯგუფურ ტურზეა საუბარი და ერთდროულად 60-80 ადამიანს უნდა ქვეყნიდან გასვლა, მაშინ [ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში] ყველაფერი კიდევ უფრო პრობლემური ხდება, პროცესები იწელება, დაგეგმვის ვადებით იზრდება, გამოწვევები უფრო დიდი ხდება ჩვენთვისაც და დამკვეთისთვისაც, ძალიან დიდი ზარალი იქნება მოთხოვნის მხრივ და სურვილიც ბევრად ნაკლები იქნება", - ამბობს BTL Georgia-ს ბიზნესგანვითარების დირექტორი.
2025 წლის გეგმებზე საუბრისას გურამ ავალიანი აღნიშნავს, რომ კომპანიის გეგმები ორ სცენარსაა მორგებული და იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები პოზიტიურად წარიმართება, დაგეგმილი პროექტები ჩვეულებისამებრ გაგრძელდება და კომპანია ჩეხეთისა და გერმანიის ბაზარზე შეძლებს ინტეგრირებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შენარჩუნდება, BTL Georgia აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გადაერთვება და, მომსახურებაზე ფასების შემცირების ფონზე, ფინანსური ზარალის მიღებაც მოუწევს.