მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანა რობაქიძის სტარტაპი Theneo Golden Kitty Awards-ის ფინალშია - როგორ დავუჭიროთ მხარი?

63c65efc3abcc
გიორგი არონია
17.01.23 12:59
778
ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Theneo, საერთაშორისო სტარტაპ-კონკურსის, Golden Kitty Awards-ის ფინალში მოხვდა, - ამის შესახებ Theneo-ს დამფუძნებელმა, ანა რობაქიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. აღნიშნული კონკურსი, რომელიც ახალი პროდუქტების მსხვილი ამერიკული პლატფორმაა, Product Hunt-ი ატარებს, სტარტაპერებისთვის მეტად მნიშვნელოვანია - სტარტაპები ოცდაოთხ კატეგორიაში ფასდებიან, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი, რომელშიც Theneo მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ Theneo-სთან ერთად, კონკურსის ფინალისტებს შორისაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საკომუნიკაციო პლატფორმა, ChatGPT-ც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, $29 მილიარდადაა შეფასებული. ამასთანავე, ფინალისტებს შორის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კიდევ ერთ დიდ პლატფორმას, Dall-E-2-ს ვხედავთ, რომელიც ტექსტს სურათებად გარდაქმნის.

საქმე ის არის, რომ Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაციის შექმნას მარტივად და სწრაფად სთავაზობს. თავისი არსით, API-დოკუმენტაცია ინსტრუქციულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელთა დახმარებით აპლიკაციებს ერთმანეთთან კომუნიკაცია უმარტივდებათ.

„ჩვენთვის ეს კონკურსი და ის, რომ ჩვენი პროდუქტი ChatGPT-სა და Dall-E-ს მსგავსი გიგანტების უტოლდება, ვალიდაციაა იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ამასთანავე, ეს კარგი სიგნალია ინვესტორებისთვისაც. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Product Hunt-ის კონკურსები ჩვენს კლიენტებს აინტერესებთ და თუ ამ კონკურსში გავიმარჯვებთ, Theneo კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავს ანა რობაქიძე BM.GE-სთან საუბრისას.

Golden Kitty Awards-ის კონკურსში გამარჯვებისთვის, Theneo-მ ხელოვნური ინტელექტის კატეგორიის სხვა ფინალისტებზე მეტი ხმა უნდა დააგროვოს. ქართული სტარტაპისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე არის შესაძლებელი, რომლიდანაც ხელოვნური ინტელექტის (ინგლ. AI) კატეგორიაზე უნდა გადახვიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა 20 იანვრამდე არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ Theneo ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც გასულ წელს მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის პროგრამაში მოხვდა. ამასთანავე, გასულ წელს, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-შიც გაიმარჯვა. გასული წლის მონაცემებით, Theneo-ს $1.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა მოზიდული და თან, ის პირველი ქართული „უნიქორნობის“, ანუ $1-მილიარდიანი შეფასების მქონე კერძო სტარტაპის სიმბოლური ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისთვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამასთანავე, ანა რობაქიძე Forbes-ის 30-წლამდელთა ელიტური კონკურსის 2018 წლის გამარჯვებულიცაა, ტექნოლოგიების კატეგორიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები