მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანადოლუ ჰოლდინგი" რიკოთზე 25-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

ქარის ენერგია ქარის ტურბინა

თურქეთის "ანადოლუ ჰოლდინგი" საქართველოში 25-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიას უკვე წარდგენილი აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, რიკოთის მაგისტრალთან, ამ სადგურის გზშ დოკუმენტაცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან შესაბამისი ნებართვის მიღებას ელის.

"ანადოლუ ჰოლდინგი" საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში ინვესტირებას 2009 წლიდან ახორციელებს. კომპანიამ 2014 წელს $200-მილიონიანი ინვესტიციით 87-მეგავატიანი "ფარავანჰესი" გახსნა.

კომპანიის მიერ წარდგენილი განცხადების თანახმად, თუკი წარსულში რიკოთის ტერიტორიაზე 24-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, ამჟამად პროექტის დადგმული სიმძლავრე 25 მეგავატამდე არის გაზრდილი. პროექტის ფარგლებში სულ ოთხი ქარის ტურბინა განთავსდება.

წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ქარის ელექტროსადგურები კომპანია Goldwind (GWH171) მოდელის ქარის ტურბინა გენერატორებით აღიჭურვება, თითოეულის დადგმული სიმძლავრე 6.25 მეგავატ საათს შეადგენს.

ტურბინის კოშკის (ღერძის) სიმაღლე 105 მეტრი, ხოლო როტორის დიამეტრი 171 მეტრს შეადგენს. ქარის ტურბინა მოძრაობას იწყებს მაშინ როდესაც ქარის სიჩქარე 2.5 მეტრ წამს გადააჭარბებს, ხოლო 24 მეტრ წამზე უფრო ძლიერი ქარის პირობებში ის უსაფრთხოების მიზნით ჩერდება. შესაბამისად ქარის ტურბინა, 2.5-დან 24 მეტრ წამამდე სიჩქარეებზე ოპერირებს.

საქართველოში ამ დრომდე ქარის მხოლოდ ერთი - ქართლის ქარის ელექტროსადგური ოპერირებს, რომელიც 6 ტურბინისგან შედგება და მისი დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები