მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიამ მრავალი გადავადება განიცადა, ქართული მთავრობის განცხადებით, პროექტი კვლავ პრიორიტეტულია - სახ. დეპარტამენტი

5f59f06426894
შოთა ტყეშელაშვილი
10.09.20 13:28
1239
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. ანგარიშში საუბარია იმ საკანონმდებლო ჩარჩოებზე, რომლებიც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხს, ასევე ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ. მათ შორის შეფასებულია საქართველოს სასამართლო სისტემა, საბანკო და საფინანსო რეგულირების მექანიზმები. დოკუმენტში საუბარია ისეთ მსხვილ საინვესტიციო პროექტზეც, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია. 

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მართალია სახელმწიფომ პორტის გენერალურ კონტრაქტორ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა, ხოლო პროექტმა კი არაერთი გადავადება განიცადა, თუმცა ქართული მთავრობის განცხადებით პროექტი კვლავ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტმა არაერთი გადავადება და ვადის გაგრძელება განიცადა მას შემდეგ, რაც 2016 წელს პროექტის გენერალური კონტრაქტორი გამოვლინდა. 2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა, რის საფუძვლადაც კონსორციუმის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული კაპიტალის მობილიზების განუხორციელებლობა დაასახელა. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის პროექტის განვითარებას კვლავ გეგმავს, რისთვისაც ხელახლა გამოაცხადებს ტენდერს,"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ამასთანავე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. თუმცა, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე, ასევე ბიზნეს დავების მოგვარების არაეფექტურ და არადროულ სისტემაზე.

“მთლიანობაში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა არაერთი კომპანიის მხრიდან გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობის ზრდის შესახებ, რაც როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, ასევე მის ეფექტურობას და კომპეტენტურობას შეეხება, რის გამოც ზოგიერთი ბიზნეს დავის განხილვა წლობით მიმდინარეობს.

ასევე კომპანიები მიუთითებენ გადაწყვეტილებათა მიღების არაეფექტურ პროცესზე, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე. ასევე სირთულეებზე ინტელექტურალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით. ბიზნესის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკა დახევწას იმსახურებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ეკონომიკური რეგულაციებუს აღსრულება კომპანიების მიმართ სელექტიური პრინციპით ხდება, ბიზნესის შეფასებით ასევე სირთულეებია საკუთრების უფლებებთან მიმართებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტის პროცესშიც. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარების მიმართულებით მუშაობას. ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესგარემო რეგიონის ქვეყნებს შორის კვლავ ღიაობით გამოირჩევა,”- ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები