მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის „ჩინეთისთვის მიცემა“ მორიგი განაცხადია, რომ მთავრობას სურს მეტი კომუნიკაცია პეკინი - მოსკოვთან

ანაკლიის „ჩინეთისთვის მიცემა“ არის საქართველოს მთავრობის მორიგი განაცხადი, რომ სურთ ნაკლები კომუნიკაცია დასავლეთთან და მეტი კომუნიკაცია პეკინი-მოსკოვის გზაზე - ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს მიერ ჩინური კონსორციუმის შერჩევას ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი აფასებს.

გიორგი მელაშვილი მიიჩნევს, რომ კონკურსის ბოლო ეტაპზე მხოლოდ ჩინურ- სინგაპურული კონსორციუმის (Сhina Communication Construction/ China Harbor Investment) მონაწილეობაზე პასუხისმგებელი სრულად საქართველოს მთავრობაა. დასავლეთიდან ინვესტორები ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულმა წინა ისტორიამ და სასამართლო დავამ, ასევე საქართველოს მთავრობის გაუგებარმა და კოსპირაციულმა თეორიებმა დააფრთხო.

„ჩინეთს ორი ძირითადი ინტერესი აქვს. პირველი „შუა დერეფანზე“ კონტროლის სრული დამყარებაა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის სწორედ ანაკლიის პორტი. მეორე აშკარაა, რომ ჩინეთს აქვს შავი ზღვის აკვატორიაში საკუთარი გავლენების გაზრდის მცდელობა და რაც გარკვეულწილად, არის სამწუხაროდ, რადგანაც ჩინეთი და რუსეთი არის ის ორი რევიზიონისტული ძალა, რომლებიც ერთად მოქმედებენ და მათ შორის, სერიოზულ პრობლემას უქმნიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ფაქტობრივად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ნაბიჯით შავი ზღვის აკვატორიაში გაძლიერდა რუსეთის გავლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია ხშირად ასეთ მსხვილ პროექტებში ერთად ოპერირებენ. პრობლემა არის ისიც, რომ არც ერთმა დასავლურმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა კონკურსში. წინა კონსორციუმი საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ გააგდო და ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ნებისმიერ დასავლურ კომპანიას, რომ ფული ჩაედო ისეთ პროექტში, რომელთან დაკავშირებითაც აქტიური სასამართლო დავა მიმდინარეობს და საქართველოს ხელისუფლება სრულიად არასტაბილური, გაუგებარი და კონსპიროლოგიური თეორიებით გამოირჩევა ბოლო პერიოდში. მათთან საქმის დაჭრა (ინვესტორებს) აღარ უღირდათ. იმაზე პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ამ კონკრეტულ ინვესტიციასთან დაკავშირებით დასავლეთი არ დაინტერესებულა, თავიდან ბოლომდე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ყველა პარტნიორთან სრულიად გაუგებარი და არასანდო დამოკიდებულება აჩვენა“, - ამბობს გიორგი მელაშვილი.

მისი თქმით, ამ ნაბიჯში საქართველოს მთავრობის განაცხადიც იკითხება, რომ მათ დასავლეთთან ნაკლები კომუნიკაცია სურთ.

"ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა (NATO), რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება გადაწყვიტოს რომელი სახელმწიფო ჩადებს ფულს მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში, პირდაპირ გვითხრა, რომ ჩინური გავლენის ზრდა საქართველოში სახიფათოა ჩვენი დასავლური, განსაკუთრებით ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ფაქტობრივად, „რუსული კანონის“ და „ოფშორების კანონის“ შემდეგ, ანაკლიის „ჩინეთისთვის მიცემა“ არის საქართველოს მთავრობის მორიგი პოლიტიკურ-ეკონომიკური განაცხადი, სურთ ნაკლები კომუნიკაცია დასავლეთთან და მეტი კომუნიკაცია პეკინი- მოსკოვის გზაზე“ - მიიჩნევს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი.

გიორგი მელაშვილის თქმით, აპელირება მხოლოდ ჩინურ ტვირთებზე არასწორია, რადგანაც, „შუა დერეფნის“ მთავარი ფასეულობა არის არამხოლოდ ჩინეთი, არამედ დასავლეთიც.

„ჩინეთმა სადმე ხომ უნდა გაიტანოს თავისი ნაწარმი?“ - ამბობს მელაშვილი და აღნიშნავს, რომ აქ არანაკლებია რამდენად იქნება დაინტერესებული ევროპა ამ დერეფნით მიიღოს თუნდაც ჩინური ტვირთები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები