ITMC-ის გენერალური დირექტორი, გიორგი ჯაფარიძე, BMG-ის გადაცემაში "ანალიტიკა" შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და იმ კრიტიკულ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს მიერ ამ მასშტაბური პროექტის პოტენციალის სრულად ათვისებას. მისი თქმით, უმთავრესი პრობლემა მოძველებული ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამშრომლობის დაბალი ტემპია.
გიორგი ჯაფარიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება, რომელიც აზიასა და ევროპას შორის მთავარ დამაკავშირებელს წარმოადგენს, ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ვერ ვიღებთ სრულ სარგებელს.
"საქართველოს როლი შუა დერეფანში არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი. ამ დერეფანში გააქტიურება მოგვცემს საშუალებას, ეკონომიკურად მივიღოთ მეტი სარგებელი, რადგან ამ შემთხვევაში გაიზრდება ტრანზიტული გადასახადების რაოდენობა, პორტებიც მეტად მოემსახურებიან ტვირთებს, რაც ბუნებრივია, ზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს. საქართველო ახლა ყალიბდება ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც მთავარი დამაკავშირებელია აზიასა და ევროპას შორის. ამ დერეფნის გააქტიურება ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების შექმნას და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას. ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია გამოწვევებზე გამკლავება, რასაც ვახსენებ პოტენციალთან ერთად.
ყველაზე დიდი გამოწვევა რაც გვაქვს ამ ეტაპზე, ეს არის ინფრასტრუქტურა. აუცილებელია, რომ გვქონდეს მეტი საბაჟო ტერმინალი ტვირთების დამუშავებისთვის, პორტების გამტარუნარიანობა უნდა გაიზარდოს აუცილებლად. ასევე, პრობლებაა რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც ძალიან მოძველებულია სისტემურადაც და ვაგონების თვალსაზრისითაც.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღრმაწყლოვანი პორტის ქონას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაწილია შუა დერეფნისთვის. ჩვენ შემთხვევაში, ეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაა. ანაკლიის პორტზე ბევრი საუბარი მიდის ხოლმე, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, რომ ამ დერეფნის პოტენციალი სრულად ათვისება მოხდეს, სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებთ ამ პოტენციალის სრულად ათვისებას და ჩვენთვის დამაზიანებელი იქნება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე რეპუტაციულად", - განაცხადა ჯაფარიძემ "ანალიტიკაში".
მან ასევე ხაზი გაუსვა ლოგისტიკის სფეროში კადრების სერიოზულ დეფიციტს, რაც ასევე მოითხოვს დაუყოვნებლივ მოგვარებას.
"საქართველო ამავდროულად სერიოზულ დეფიციტს განიცდის კადრების მხრივ, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ლოგისტიკაში. ეს დერეფანი თუ განვითარდება, შესაბამისად მოხდება ადაპტირება ჩვენნაირი სატრანსპორტო კომპანიების მხრიდან, რაც გამოიწვევს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, ეს ასევე ხელს შეუწყობს მეტი კადრის გადამზადებას და ამ საქმიანობით მეტი ადამიანის დაინტერესებას. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამო, პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს, მაგრამ საჭიროა ამ გამოწვევების გამკლავება, რომ ამ შუა დერეფნის გამოყენება მოხდეს სწორად. აღვნიშნავ, რომ ყველა ბიზნესში რეპუტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ლოგისტიკაში კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რადგან როგორც კი ამ დერეფნის გამოყენებას დაიწყებენ ჩვენი პარტნიორები, ჩვენ თუ არ ვიქნებით მზად და ვერ ავუწყობთ ფეხს, შესაბამისად, ეს პოტენციალი სრულად ჩამოიშლება, რაც არავის ინტერესში არ შედის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში", - თქვა მან.




























