მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის პროექტი მეტად პოლიტიკურია" - რა წერია ევროკომისიის კვლევაში საქართველოზე?

კვლევა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას საქართველოს სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის კვლევაშია აღნიშნული.

ანაკლიის პორტი

დოკუმენტის მიხედვით, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების კონტექსტში ანაკლიის პროექტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილება, რომელსაც შუა დერეფანში საქართველოს პოზიციის გაძლიერება შეუძლია.

„საქართველოში პორტების გამტარუნარიანობის გაზრდა მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების ნაწილია. თუმცა, [ანაკლიის] პროექტი მეტად პოლიტიკურია და ამჟამად საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში China Communication Construction Company-ის (CCCC) ხელმძღვანელობით ხორციელდება. ის წარმოადგენს TEN-T ქსელის გაფართოების პროექტების ნაწილს. განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიას შეუძლია მნიშვნელოვნად გააფართოოს საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას", - წერია კვლევაში.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთის გავლენის გაძლიერებას „შუა დერეფანში“ (TCTC). დოკუმენტის თანახმად, პეკინი ტვირთების გამომგზავნიდან აქტიურ აქციონერად გარდაიქმნება, რაც გამოიხატება ინფრასტრუქტურული ობიექტების ფლობასა და მართვაში.

„2024 წლის მაისში ანაკლიის პორტის პროექტი ჩინურ კონსორციუმს გადაეცა, რაც პეკინს მომავალში შავ ზღვაზე დასაყრდენს სთავაზობს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, ჩინური გავლენის გაძლიერება მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. ჩინური კომპანიები ფლობენ ყაზახეთის „ხორგოსის კარიბჭის“ 49%-ს, ხოლო 2025 წელს ჩინეთი შეუერთდა „Middle Corridor Multimodal Ltd“-ს (ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზების საკოორდინაციო პლატფორმა), რაც მას ფორმალურ როლს აძლევს დერეფნის ოპერაციების, სტანდარტებისა და ციფრული ინტეგრაციის ჩამოყალიბებაში.

bm.ge თავის მხრივ შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი CCCC-ი უპირატეს ინვესტორად 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადეს, მაშინ ითქვა, რომ ხელშეკრულება შერჩეულ კომპანიასთან უახლოეს პერიოდში გაფორმდებოდა, თუმცა დღემდე მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს არსებული წილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.

დოკუმენტი ასევე ასახელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებას მსოფლიო ბანკი და ევროკომისია რეკომენდაციას უწევენ. მათ შორისაა ქუთაისის შემოვლითი გზა, ქუთაისის ლოჯისტიკური ცენტრი, კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სარკინიგზო დამაკავშირებელი გზა.

კვლევის შეფასებით, ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალ მარშრუტზე საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ხოლო ანაკლიის პროექტი ამ ფუნქციის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად განიხილება.

ამასთან, თითქმის 75-გვერდიან დოკუმენტში სატრანსპორტო, სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული სექტორებია განხილული და ხაზგასმულია ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა. კვლევის მიხედვით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპული ქსელის პირდაპირ გაგრძელებად განიხილება, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი TEN-T-ის გაფართოების ფარგლებში სტრატეგიულ პრიორიტეტად სახელდება განსაკუთრებული აქცენტით მის სრულ ინტეგრაციაზე სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებთან.

ამასთან, კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო და ტექნიკური თავსებადობა ევროპულ სტანდარტებთან. მათ შორის ციფრული საბაჟო სისტემების (NCTS, SEED) სრულად დანერგვა, პორტების გაციფრულება Port Community System-ის მეშვეობით და კიბერუსაფრთხოების სტანდარტების GDPR-ისა და 5G Security Toolbox-ის — შესაბამისობაში მოყვანა.

წყალქვეშა კაბელი

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის განვითარებასთან ერთად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სხვა პორტების ბათუმისა და ფოთის მოდერნიზაციას, რათა შესაძლებელი გახდეს წყალქვეშა კაბელისა და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობის ტრანსპორტირება და მართვა.

ამ კონტექსტში კვლევა ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზეც.

„ენერგეტიკული ბაზრების დაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და რუმინეთს შორის დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროსადენის პროექტი“, - წერია დოკუმენტში.

კვლევის თანახმად, რეგიონში განახლებადი ენერგიის მასშტაბური პროექტები უკვე მიმდინარეობს მათ შორის რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში და უზბეკეთში, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის გაზმომარაგების დივერსიფიკაცია კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები