„ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლიდან დაიწყება,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პორტის განვითარებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მეორე ეტაპზე, კერძოდ კომპანიის შერჩევის ეტაპზე არიან გადასული.
„ამჟამად, ორი გიგანტი კომპანიაა გამოკვეთილი და უახლოეს რამდენიმე თვეში, შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება.
პროექტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება, ხოლო დანარჩენი ინვესტორის ვალდებულება იქნება, რომ შესაბამისი ინვესტიციები მოიტანოს,“-აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე ცნობით, ანაკლიის პორტის პროექტი მთელი შავი ზღვის ეკვატორიაში სამაგალითო პროექტი იქნება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ამჟამად კონკურსის მეორე რაუნდი მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ პროექტის განხორციელებით ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია არიან დაინტერესებული და სწორედ ეს ორი კომპანია მიიღებს კონკურსის მეორე ეტაპში მონაწილეობას.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც ასობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას თავად განახორციელებს და პორტში მხოლოდ 49%-იან მფლობელობას დასჯერდება. ამასთან, მთავრობა აცხადებს, რომ ის კერძო ინვესტორის კრედიტების გარანტირებას არ აპირებს. მთავრობის ინფორმაციით, პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 589 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.