მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის დაფინანსება საჭიროების მიხედვით გამოიყოფა - ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმის მიხედვით დაფინანსდება, თუ რა თანხების დახარჯვა იქნება საჭირო - ასე უპასუხა ლაშა ხუციშვილმა BM.GE-ის კითხვას, რა თანხაა გამოყოფილი მიმდინარე წელს პორტის მშენებლობისთვის.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოყოფილი თანხა 70 მლნ ლარია, თუმცა მისი ზრდა სავსებით შესაძლებელია.

"რაც შეეხება თანხებს, ჩვენ ამაზე განცხადება ბიუჯეტის განხილვის დროს გავაკეთეთ. გამოყოფილი იყო 20 მლნ ლარი, დამატებით გამოიყო 50 მლნ მლნ ლარი. თუმცა ამავე დროს გავაკეთეთ განცხადება, რომ დაფინანსების გამოყოფა მოხდება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდში რა თანხები იქნება დასახარჯი.

შესაბამისად, ბუნებრივია ჩვენ უნდა დაველოდოთ დღეს გამოცხადებული ტენდერის შედეგებს, რაც გვაჩვენებს კონკრეტული დაფინანსების საჭიროებას. მათ შორის მთლიან მოცულობას და რა პერიოდში რა თანხებია გამოსაყოფი.

ასევე, რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, ამაზეც მიმდინარე კონკურსია გამოცხადებული და რამდენჯერმე გაავრცელა ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება, რომ პროცესი მიმდინარეობს ძალიან გამჭვირვალედ, საერთაშორისო კომპანიების ჩართვით და შეფასებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, მიმდინარე წელს ეს პროცესიც დასრულდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი დღეს გამოცხადდა.