მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანაკლიის პორტის მთელი იდეა ამ ნაბიჯით განადგურებულია“ - ADC ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს 51%-ის ფლობაზე

6398cb3358495
ალა ისპირიანი
13.12.22 23:45
808
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.

საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის დაუსრულებელ მშენებლობაზე და პროექტის ყოფილ ინვესტორებზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ სახელმწიფოს მხრიდან არსებული ხელშეწყობის მიუხედავად, პორტი ვერ ააშენეს. პრემიერის განცხადების შესახებ კომენტარი თავად პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა მამუკა ხაზარაძემ BM.GE-სთან გააკეთა. მან პრემიერის სიტყვიდან ოთხი ტყუილი გამოყო და თქვა, რომ ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

პრემიერ -მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს ყველა ინვესტორს, რომლებიც პორტებში ინვესტირებას განახორციელებენ, მაგრამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (ADC) მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს 51%-ის ფლობის პირობებში ანაკლიისთვის სერიოზული კერძო ინვესტორის მოძიება აბსურდულია.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა დღეს, გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტა, რომ გადაწყვეტილებით, რომელიც ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს 51%-ის ფლობას ითვალისწინებს, ანაკლიის პორტის მთელი იდეა განადგურებულია.

„პრემიერ-მინისტრის განმარტება ნამდვილად არ იყო რაციონალური გეგმა პროექტის წარსამართად. ღარიბაშვილი გამოვიდა და პროექტის განვითარების ფარგლებში სახელმწიფოს 51%-იანი მფლობელობა ექნებაო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამაში სახელმწიფომ 300 მილიონი უნდა ჩადოს ნაღდი ფულით. თუ მათ იმის საშუალება აქვთ, რომ ამხელა თანხა ჩადონ, რატომ არ არიან მზად 50-დან 70 მილიონ დოლარიანი გარანტიისათვის მოეწერათ ხელი. ერთადერთი ინვესტორი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩამოვიდოდა, როცა სახელმწიფო 51%-ს ფლობს, იქნება არაგამჭვირვალე, ბუნდოვანი სახელმწიფო ფონდი ერთ-ერთი ქვეყნიდან, რომელიც არ იქნება დემოკრატიული. იმის გამო, რომ 51% სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება, ანაკლიის პორტის მთელი იდეა და ევროპული და ამერიკელი ინვესტორების მოზიდვის და კარგი რეპუტაციის მქონე საჯარო სიაში მყოფი ცენტრალური აზიის თუ ჩინეთის მოზიდვის გეგმა ამ ნაბიჯით განადგურებულია“, - განაცხადა თედ ჯონასმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მეთოდებით სახელმწიფო საქართველოში 90-იან წლებში მოქმედებდა, რაც რუსეთის მთავრობის მიერ გამოყენებული ტიპური მეთოდი იყო.

„საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მომიწია ყოფნა. პირველად 1994-96 წლებში ჩამოვედი. ბიზნესი ქართველ პარტნიორებთან ერთად დავიწყე და ერთ-ერთი ტრანზაქციის დროს, რომელიც 90-იან წლებში განვახორციელეთ იმ ქონების პრივატიზაციას უკავშირდებოდა, რომლის 51% სახელმწიფოს მფლობელობაში იყო. ეს იყო რუსეთის მთავრობის მიერ გამოყენებული ტიპური მეთოდი, რომელიც სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს. ეს მეთოდი საქართველოში 90-იან წლებში იყო გავრცელებული და წარმატებული არ იყო და დღეს რა თქმა უნდა უფრო განვითარებულ სამყაროში ეს იდეა კიდევ უფრო მოიკოჭლებს.

არცერთი კარგი რეპუტაციის საერთაშორისო ინვესტორი, არცერთი საერთაშორისო ბანკი ან საერთაშორისო ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას ისეთ პროექტში რომლის კონტროლიც 51%-ით სახელმწიფოს მიერ ხდება. ასვე, თუ საქართველოს მთავრობის რეპუტაციას, როგორც პარტნიორისას მხედველობაში მივიღებთ აქაც პრობლემებია“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა და დასძინა, რომ ამ საკითხის რაციონალური გზა, ის არის, რომ მთავრობამ და კერძო ინვესტორმა ერთად უნდა ითანამშრომლონ, რომ დამატებითი ინვესტიცია მოიზიდონ, რაც არსებული წილის გამოსყიდვას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები