ანაკლიის ღრმაწყლოვანი სადგურის განვითარების სააგენტო 2020 წლის თებერვალში ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო, მაგრამ მისი აქტივები და ვალდებულებები ისევ სამინისტროს ანგარიშგებაში მოხვდა. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების ანგარიშში.
“ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო, რომელიც სამინისტროს უწყებას წარმოადგენდა, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის N76 დადგენილებით, დაექვემდებარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
შესაბამისად, სამინისტრო 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღარ იყო ანაკლიის სააგენტოს მაკონტროლებელი ერთეული. მიუხედავად ამისა, სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება მოიცავს ანაკლიის სააგენტოს აქტივებისა და ვალდებულებების იმ ნაშთებს, რომლებიც სააგენტოში ფიქსირდებოდა 2020 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული აქტივები და ვალდებულებები გაზრდილია 5,756,767 ლარის ოდენობით”,-წერია აუდტის ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციით, „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების“ მიხედვით, თუ მაკონტროლებელი ერთეული კონტროლს კარგავს დაქვემდებარებულ ერთეულზე, წყდება ყოფილი კონტროლირებული ერთეულის აქტივებისა და ვალდებულებების აღიარება ფინანსური მდგომარეობის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში.




























