მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიჩინური ისტერია ვნებს მთლიანად აცრის კამპანიას – რომან გოცირიძე

6069d2aed2306
BM.GE
04.04.21 18:51
728
ანტიჩინური ისტერია ვნებს მთლიანად აცრის კამპანიას და ნდობას უკარგავს არა მხოლოდ ჩინურ, არამედ სხვა, ფაქტობრივად უსაფრთხოდ მიჩნეულ ვაქცინებს,– ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოში მხოლოდ 10 ათასამდე პირია აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ასეთი ტემპით კი საქართველოს 4 წელი დასჭირდება მოსახლეობის ნახევარის ასაცრელად.

“თურქეთში ერთ დღეში 45 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, რაც რეკორდული ოდენობაა ვირუსის გავრცელების დღიდან. ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და კომენდანტის საათი წესდება ხელახლა.

თურქეთის მოსახლეობა არის 83 მილიონი ადამიანი, სადაც დღეისათვის, ძირითადად ჩინური ვაქცინით, აიცრა 9,5 მილიონი კაცი, მოსახლეობის 11 პროცენტი (ორივეჯერ ვაქცინირებულია მოსახლეობის 8 პროცენტი). ევროპულ-ამერიკულ ვაქცინას რომ დალოდებოდნენ, რომელზეც დიდი დეფიციტია თვით ევროპაში და ამერიკაში, თურქეთს თვეები კი არა, შეიძლება წლებიც დასჭირვებოდა მთელი მოსახლეობის ასაცრელად. ევროპაშიც კი ეს პროცესი ძალიან ცუდად მიდის-მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტია აცრილი.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ყველა რისკის გათვალისწინებით იქნებოდა მიღებული, მათ შორის საერთაშორისოდ არაღიარებული ვაქცინის გამოყენების რისკითაც.

ჩვენ უფრო ფრთხილად ვიქცევით-ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას. ამის შემდეგ ყველას ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება-ჩინურებით აიცრას, ევროპულით, ამერიკულით თუ საერთოდაც არ აიცრას. არავინ არავის არაფერს აძალებს. 70 ათასამდე დოზაა შემოტანილი ქვეყანაში ფაიზერი და ასტრაზენეკა და ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ 10 ათასამდეა აცრილი. ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას.

ასეთ ფონზე ატეხილი ანტიჩინური ისტერია ვნებს მთლიანად აცრის კამპანიას და ნდობას უკარგავს არა მხოლოდ ჩინურ, არამედ სხვა, ფაქტობრივად უსაფრთხოდ მიჩნეულ ვაქცინებს”,– აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” შემოვიდა,როგორც ცნობილია, საუბარია 100 ათას დოზაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები