მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპირებს თუ არა ირაკლი რუხაძე "რუსთავის ფოლადის" და "ქართული ცემენტის" გაყიდვას

ირაკლი რუხაძე

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე BMG-ის პასუხობს კითხვაზე, განიხილავს თუ არა მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი ორი მსხვილი ინდუსტრიული კომპანიის - "რუსთავის ფოლადის" და "ქართული ცემენტის" შესაძლო გასხვისებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ირაკლი რუხაძე პასუხობს, რომ ჰოლდინგს აქვს კრიტერიუმი 50 მილიონი დოლარის მოგებასთან დაკავშირებით, რომლის მიღწევის შემდეგაც ისინი აქტივის გასხვისებას განიხილავენ, რასაც "ქართული ცემენტი" უკვე აკმაყოფილებს და მათ უკვე სამჯერ მოახდინეს სხვადასხვა ინვესტორისთვის მისი შეთავაზება. ამასთან, ირაკლი რუხაძე აღნიშნავს, რომ ისინი ცდილობდნენ "რუსთავის ფოლადის" გაყიდვასაც მაგრამ ეს ამ დრომდე ვერ შეძლეს, ამასთან კომპანიის მაჩვენებელიც ვერ ავიდა 50 მილიონის მოგებაზე. ბიზნესმენის თქმით, პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციისთვის და შეთავაზებების გაკეთებისთვის მათ დაქირავებული ჰყავთ ისეთი ცნობილი საინვესტიციო ბანკები როგორიცაა Rothschild-ი და გერმანული Raiffeisen-ი. შესაბამისად ამ აქტივების გაყიდვა განიხილება იმ ფასად თუკი რომელიმე ინვესტორი მათთვის საინტერესო თანხას შესთავაზებს.

კითხვა - "რუსთავის ფოლადსა" და "ქართულ ცემენტში" ხართ, ამ კომპანიებსაც ხომ არ განიხილავთ გასაყიდად?

პასუხი - რა თქმა უნდა. "ქართული ცემენტი" მესამე წრეზე არის გასაყიდად გამოტანის, იმიტომ რომ ქართულმა ცემენტმა ეს 50 მილიონი დოლარის მოგება გადალახა ბევრად უფრო ადრე ჩვენ ხელში. რომ ვიყიდეთ, დაახლოებით 11 მილიონი ჰქონდათ მოგება და მერე ჩვენ ძალიან სწრაფად ავიყვანეთ მაგ დონეზე [50 მილიონი დოლარის მოგებაზე]. და როგორც კი მანდ მივედით, უკვე მესამედ ჩვენი საინვესტიციო ბანკს, იქ როტშილდი გვყავს აყვანილი, რუსთავის ცემენტში რაიფაიზენი, გამოაქვთ ეს პერიოდულად გასაყიდად.

ეს არის ნორმალური რაღაც. უბრალოდ რუსთავის ფოლადში ვერ მივაღწიეთ და ქართულ ქართულ ცემენტში ვნახოთ. ახლა ვიღაცებს ველაპარაკებით, თუ ავედით იმ ფასზე, რომელიც ჩვენ გვაწყობს, იმასაც გავყიდით."- განაცხადა რუხაძემ.

დღეს "ბაზისბანკსა" და Hunnewell Partners-ს შორის ხელი მოეწერა "ლიბერთი ბანკის" აქციათა საკონტროლო პაკეტის - 95.99%-ის გასხვისების შესახებ შეთანხმებას. გარიგების ღირებულება კონფიდენციალურია.

"ქართული ცემენტი"

ამ დროისთვის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ი, რომელსაც ის ბიზნესპარტნიორებთან - ბენჯამინ ალბერტ მარსონთან და იგორ ალექსეევთან ერთად ფლობს, საქართველოში ეკუთვნის 45.45%-ის წილი ქვეყნის უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელ კომპანია "ჰანიველ ცემენტში". ცნობისთვის, ამავე კომპანიის 44.55%-ის წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "თანაინვესტირების ფონდი".

ამ დროისთვის "ქართულ ცემენტს" გამოქვეყნებული აქვს 2024 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც რეალიზაცია 17%-ით, 659 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი თითქმის გაორმაგდა და 189 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის აქტივები 627 მილიონ ლარს შეადგენს.

"ქართული ცემენტი" ამასთან, კასპში მდებარე ქარხნის გაფართოებას და საწარმოო სიმძლავრის ზრდას გეგმავს, რომელიც 378,000 ტონა კლინკერს (ცემენტის ნედლეულს) აწარმოებს და კომპანიის ჯამურ ტექნიკურ შესაძლებლობას წელიწადში 1,863,000 ტონამდე გაზრდის.

"რუსთავის ფოლადი"

რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც, რომელიც საქართველოს უმსხვილესი შავი ლითონის მწარმოებელია, სრულად ეკუთვნის რუხაძის Hunnewel Partners-ს. 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ქარხნის შემოსავალი 285 მილიონი ლარი იყო (ზრდა 51 მლნ ლარი, +22%). თუმცა, ფინანსური ანგარიშის თანახმად, როგორც 2024, ასევე 2023 წლებში მეტალურგიული ქარხანა, რომლის შემოსავალიც ძირითადად არმატურის წარმოებასთან არის დაკავშირებული, ზარალზე იყო. კერძოდ, 2024 წელს ზარალი 27.8 მილიონ ლარს, 2023 წელს კი ზარალი 50.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

როგორც ქარხნის გენერალურმა დირექტორმა, იგორ კორიტკომ, 2026 წლის იანვარში, BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, კომპანიის სტრატეგიულ მიზანს ამჟამად უნაკერო მილების წარმოების სეგმენტის ზრდა და არმატურის საწარმოო ხაზის გასხვისება წარმოადგენს, რადგან ამ მიმართულებით კომპანიას უკეთესი მარჟის დაფიქსირება შეუძლია.

რუსთავის ფოლადის აქტივები შეადგენს 242 მილიონ ლარს, ხოლო ვალდებულებები 298 მილიონ ლარს, რაც ნიშნავს რომ კომპანიას გააჩნია ნეგატიური კაპიტალი 55.9 მილიონი ლარის ოდენობით, რაც ძირითადად დაგროვილი ზარალით არის განპირობებული.

კომპანიას გააჩნია 145 მილიონი ლარის სესხები "თიბისი ბანკის" და "საქართველოს ბანკის" მიმართ, ხოლო დამფუძნებლებთან დაკავშირებული კომპანიის მიმართ კი "რუსთავის ფოლადს" 89 მილიონი ლარის კრედიტები აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები