წამყვანმა ამერიკულ ტექნოლოგიურმა კომპანია Apple-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა. არსებული ინფორმაციით, წლიურ ჭრილში შემოსავლები 16%-ით, $143.76 მილიარდამდე გაიზარდა.
აქედან წმინდა მოგება $42.1 მილიარდია, ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა კი ერთ აქციაზე $2.84 დოლარი იქნება.
შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა მოგება $36.33 მილიარდი იყო, დივიდენდის მოცულობა კი $0.40 ცენტით ნაკლები. აღსანიშნავია, რომ ექსპერტების კომპანიას $5 მილიარდით ნაკლები შემოსავლის მიღებას უწინასწარმეტყველებდნენ. მოგების მკვეთრი ზრდა განსაკუთრებით iPhone 17 სერიის ტელეფონების წარმატებით გაყიდვამ განაპირობა. გასულ კვარტალში Apple-მა $85.27 მილიარდის მობილური გაყიდა, საიდანაც უდიდესი ნაწილი სწორედ ახალ მოდელზე მოდიოდა.
ანალიტიკოსები კი მოელოდნენ, რომ კომპანია მხოლოდ $78 მილიარდის ტელეფონების გაყიდვას შეძლებდა. შემოსავლები მცირედით შემცირდა Apple-ის კომპიუტერების სექტორში. კერძოდ, Macbook-ების, ასევე iMac-ებისა და სხვა მოდელების გაყიდვებმა $8.39 მილიარდი შეადგინა, რაც ნავარაუდებს 50 მილიონით ჩამორჩება. მსგავსი მინიმალური ჩამორჩენა დაფიქსირდა iPad-ებისა და სხვა მოწყობილობებისა თუ აქსესუარების შემთხვევაშიც. სხვადასხვა გამოწერადი ციფრული პროდუქტის შემთხვევაში კი, როგორიც Apple Music-ია, კომპანიამ ბოლო 3 თვეში $30 მილიარდის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება მოგების მარჟას, მან ექსპერტების პროგნოზს გადააჭარბა და 48.2% შეადგინა.
Apple-ის ფინანსური ხელმძღვანელის, კევან პარეხის თქმით, მომავალ კვარტალში კომპანია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლების 13%-დან 16%-მდე ზრდას მოელის, რაც $108-დან $110,5 მილიარდამდე მერყეობს. როგორც ტექ-გიგანტის წარმომადგენლები აცხადებენ, ამის მთავარი მიზეზი iPhone-ებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა იქნება. ცნობისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ კვარტალში Apple-ის ტელეფონების გაყიდვები 23%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ ახალი iPhone 17 სერიის მოდელებს მომხმარებელი განსხვავებულ პროდუქტად აღიქვამს და მისით ინტერესდება.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტექ-გიგანტი iPhone-ის ვიზუალს თითქმის უცვლელად ტოვებდა, iPhone 17-ის Pro ვერსიაში კი სრულიად ახალი დიზაინი ვიხილეთ. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ინვესტორებთან შეხვედრისას თქვა, რომ ახალ iPhone-ებზე მოთხოვნამ მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
დადებითი კვარტალური შედეგის გამოქვეყნების მიუხედავად, ჯერჯერობით Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრად არ გაზრდილა. 18:30-ის მონაცემებით, სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ კომპანიას 1.65%-იანი ვარდა უფიქსირდება, თუმცა დღის განმავლობაში 1%-იანი მატება ფიქსირდებოდა. ამჟამად Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.75 ტრილიონია და ის მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილს ინარჩუნებს.




























