მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა M3-ით აღჭურვილი iPad Air-ი წარმოადგინა

iPad Air M3

ამერიკულმა Apple-მა პლანშეტების ჩამონათვალი განაახლა და მომხმარებელს M3-პროცესორით და AI-ფუნქციონალით აღჭურვილი iPad Air-ი წარმოადგინა. ახალი iPad-ი ორი ზომით გამოდის, ესენია მომცრო ზომის 11-დუიმიანი პლანშეტი, რომლის საწყისი ფასი $599-ია და შედარებით დიდი 13-დუიმიანი მოდელი, რომლის ფასი $799-დან იწყება. წელს, iPad-თან ერთად Apple-მა ახალი, შედარებით ფართო ფუნქციონალის მქონე კლავიატურა გამოუშვა, რომლის ყიდვა დამატებით იქნება შესაძლებელი, $269-ად ან $319-ად, პლანშეტის ზომის შესაბამისად.

Apple-ის წარმოების პროცესორი, რომელსაც ახალ iPad-ში ვხვდებით, არ არის ყველაზე მძლავრი კომპიუტერული ჩიპი, რომელსაც კომპანია აწარმოებს — ამ ტიტულს M4-პროცესორი იკავებს. თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალ iPad-ი ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე M1-ით და 3.5-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე A14-ტიპის პროცესორით აღჭურვილი პლანშეტები. როგორც კომპანიაში ამბობენ, მძლავრი პროცესორი აუმჯობესებს, როგორც გრაფიკას, ასევე პლანშეტის სისწრაფეს და ფუნქციონალს, რადგან ამიერიდან, მომხმარებლებს Apple Intelligence-ის გამოყენება შეეძლებათ.

გამომდინარე იქიდან, რომ პლანშეტების მიმართულებით ამერიკულ კომპანიას ღირსეული კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავს, iPad-ების გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება, რაც Apple-ის ხელმძღვანელობას უბიძგებს, მომხმარებელს ახალი პროდუქტები შესთავაზოს. თუმცა მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, სამყაროში, სადაც სმარტფონები სულ უფრო დიდი ხდება, ხოლო გაფართოებული რეალობა ყოველწლიურად ვითარდება, ჯერაც აქტუალურია კითხვა, თუ ვინ არის iPad-ის ტიპური მომხმარებელი? ეს სწორედ ის ფილოსოფიური კითხვაა, რომელზედაც პასუხის გაცემა ტიმ კუკს და მის გუნდს მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები