ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Applied Digital-ის პირველი კვარტალის შემოსავალმა უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა.
თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ მხოლოდ $80.9 მილიონი მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $341.9 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები $133.8 მილიონის შემოსავალს ელოდნენ.
თუმცა, საყურადღებოა, რომ შემოსავლის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში კომპანია მაინც ზარალზე გავიდა. საუბარია $221.0 მილიონზე. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი გახდა კომპანიის მიერ საერთო ხარჯების $404.3 მილიონამდე ზრდა, რამაც მოგება სრულად შთანთქა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ანალოგიური პერიოდი AD-მ ასევე ზარალით, $90.7 მილიონით ჩახურა, თუმცა ამჯერად მასშტაბი შემოსავლების ზრდასთან ერთად გაიზარდა.
თავად ეს უარყოფითი შედეგი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოებამ განაპირობა. როგორც Applied Digital-ში აცხადებენ, ხარჯების ზრდა მომხმარებლებისთვის მონაცემთა ცენტრების მომზადებამ, აქციებზე დაფუძნებული კომპენსაციების მატებამ და გაზრდილმა საპროცენტო ხარჯებმა გამოიწვია. ინფორმაციისთვის, ორგანიზაციის მთლიანი ვალი $6.4 მილიარდს შეადგენს.
ცნობისთვის, Applied Digital-ი ტეხასის შტატის ქალაქ დალასში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა. ის მონაცემთა დამუშავების ცენტრებს ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მაღალი წარმადობის გამოთვლითი ამოცანების მხარდასაჭერად ავითარებს.
























