პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დროებითი ტურბულენტობა, რომელიც ქვეყანაში აპრილის შემდეგ შეინიშნება, ის რესურსია, რომელიც საარჩევნოდ მზადდებოდა და “განიავდა” - ამის შესახებ კობახიძემ მედიას განუცხადა.
“მშვიდობას და სიმშვიდეს. ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში დაირღვეს ჯერ სიმშვიდე და მერე მშვიდობა, თუმცა ამის საშუალებას, ჩვენ, ბუნებრივია, არავის მივცემთ.
რაც შეეხება ამ დროებით ტურბულენტობას, რომელიც გვქონდა გასული ორი თვის განმავლობაში, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის და ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გაანიავეს ბევრდ უფრო ადრე, გაზაფხულზე”, - ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, რატომ უწოდებს ახალგაზრდების პროტესტს პრემიერი “რესურსის განიავებას”, კობახიძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები სინამდვილეში უცხოელი აგენტების მიერ იყო ორგანიზებული.
“ახალგაზრდების პროტესტი” - ეს თქვენი ბრენდირებაა იმ ყველაფრის, რასაც სინამდვილეში ერქვა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციები. აქ ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ თვითონ აქციები ორგანიზებული იყო უცხოელი აგენტების მიერ, რომლებსაც ჩვენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვუწოდებთ. სამწუხაროდ, ბევრი გულწრფელი ადამიანიც შეუერთდა ამ პროცესს”, - თქვა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში დადასტურდა, რომ საქართველოში რევოლუციის მოწყობა შეუძლებელია.
“ყველამ დაინახა, რომ ამ ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს, რომ აქ რევოლუციის მოწყობა არის შეუძლებელი, რომ სახელმწიფო უკან არ დაიხევს არასდროს, როდესაც ეს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას ეხება. აქედან გამომდინარე, ეს ორი თვე იყო მნიშვნელოვანი ამ აღქმის ჩამოყალიბებისთვის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და ვერავინ შეარყევს ამ სახელმწიფოს ინტერესებს, ვერავინ შემოიტანს არეულობას და ვერავინ მოგვიწყობს მეორე ფრონტს საქართველოში”, - განაცხადა პრემიერმა.