მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აპრილში გლობალურმა ბირჟებმა მნიშვნელოვანი რყევები განიცადეს" - როგორ აისახა საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელზე?

ბირჟა

2025 წლის აპრილში გლობალურმა საფონდო ბირჟებმა მნიშვნელოვანი რყევები განიცადეს, რაც აგრესიულ სატარიფო პოლიტიკასა და გლობალურად არსებულ ეკონომიკურ გაურკვევლობას უკავშირდება. ამის შესახებ "საქართველოს საპენსიო ფონდის" საინვესტიციო სამსახურის კომენტარშია აღნიშნული, რომელიც უახლეს ანგარიშს ერთვის თან.

როგორც ფონდის საინვესტიციო სამსახურში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული აქციების ბაზარი შემცირდა, მათი აქციების პორტფელში არსებულმა სხვა რეგიონულმა ფონდებმა მაღალი ზრდა აჩვენეს, რის შედეგადაც არა მხოლოდ შემცირდა ამერიკული ბაზრის ნეგატიური გავლენა აქციების მთლიან პორტფელზე, არამედ შეინიშნებოდა პორტფელის საერთო ზრდაც.

"ამერიკული ბაზრის ინდექსმა (SPY) თვე 0.87%-იანი კლებით (აშშ დოლარში) დაასრულა, რისი გამომწვევი ძირითადი მიზეზიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ე.წ „გათავისუფლების დღეს“ გამოცხადებული ახალი სატარიფო გეგმა აღმოჩნდა, რამაც საფონდო ბირჟების მკვეთრი ვარდნა და VIX ინდექსის, ინვესტორთა „შიშის საზომის“, მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ტარიფების ზრდის 90-დღიანმა პაუზამ, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში გამოცხადდა, ამერიკული საფონდო ბირჟების ზრდას შეუწყო ხელი. ამასთან, აღსანიშნავია, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკური მაჩვენებლების შერეული დინამიკაც, კერძოდ, აშშ-ის ეკონომიკური აქტივობის შემცირება, ინფლაციის ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციები, შესუსტებული სამუშაო ძალის მაჩვენებლები და მაღალ დონეზე შენარჩუნებული საპროცენტო განაკვეთები. ამავე პერიოდში აზია-წყნარი ოკეანის ინდექსმა (VPL) 4.24%-იანი ზრდა აჩვენა, რაც იაპონიის, ავსტრალიისა და სამხრეთ კორეის ბაზრების დადებითი შედეგებით იყო გამოწვეული. ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს იაპონური იენისა და სამხრეთ კორეული ვონის დოლართან მიმართებით გამყარება წარმოადგენდა. თუმცა ჰონგ-კონგის ბაზრის კლებამ, რაც აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობით იყო გამოწვეული, ზრდა ნაწილობრივ შეასუსტა. 2025 წლის აპრილში ევროპის ბაზრის ინდექსი (VGK) 3.85%-ით გაიზარდა, რაც განაპირობა აღნიშნული საფონდო ბირჟების მიმართ არსებულმა პოზიტიურმა განწყობებმა, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთების შემცირებამ და ძირითადი ევროპული ვალუტების გამყარებამ აშშ დოლართან მიმართებით. აპრილის თვეში განვითარებადი ბაზრების ინდექსი (VWO) თითქმის არ შეცვლილა, რადგან ინდოეთის ძლიერმა მაჩვენებლებმა დიდწილად მოახერხა გლობალური მერყეობის ფონზე ჩინეთის სუსტი შედეგების დაბალანსება. ლათინური ამერიკის ინდექსი (ILF) ჩვენს პორტფელში 2025 წლის აპრილში საუკეთესო შედეგის მქონე ინსტრუმენტი აღმოჩნდა და აპრილის თვეში 5.23%-ით გაიზარდა, რაც აშშ-ის მიერ თვის შუა რიცხვებში გამოცხადებულმა სატარიფო პოლიტიკის 90-დღიანმა პაუზამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ნედლეულის (ნავთობის, სპილენძის, რკინის მადნის) ფასების კლების მიუხედავად, ზრდა მაინც დაფიქსირდა, რაც როგორც მექსიკის (7.19%), ისე ბრაზილიის (2.96%) ბაზრებზე არსებული დადებითი დინამიკით აიხსნება", - აღნიშნულია კომენტარში.

2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 6.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა ამონაგებმა 1.6 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 612 ათასი ადამიანია.

აპრილში დინამიკურმა პორტფელმა, რომლის ზომაც 39.1 მლნ ლარია, ყველაზე მაღალი ამონაგები აჩვენა და წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა დაბალანსებულმა (ზომა ₾37.7 მლნ) და კონსერვატიულმა (₾6.6 მლრდ) პორტფელებმა თანაბარი - 0.7%-იანი - თვიური ზრდა დააფიქსირეს. წლიურ ჭრილში, კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის ნომინალურმა ამონაგებმა 12.1% (გაწლიურებული) შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 11.7% და 11.2% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა მათში გლობალური აქციების პროპორციაა. აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 48%, დაბალანსებულში 30.1%, ხოლო კონსერვატიულში 16.1% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები