პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორის, REN-ის ინფორმაციით, ქვეყანამ აპრილის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის “ისტორიული” 95% განახლებადი წყაროებიდან აწარმოვა. შესაბამისად, 4 თვის განმავლობაში მწვანე ელექტროენერგიის წარმოების საშუალო მაჩვენებელი 91%-ს აღწევს.
REN-ის თანახმად, მწვანე ენერგიის 48%-ი წყლის, 30% - ქარის ხოლო 7% - მზის ელექტროსადგურებიდან მოდის. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად მზის ენერგიის ყველაზე დაბალი წილისა, ეს კომპონენტი ზრდას განაგრძობს.
ამასთან ერთად, წიაღისეული საწვავით მიღებული ელექტროენერგიის წილი 2024 წლის განმავლობაში მხოლოდ 9%-ია, ბუნებრივი აირის მოხმარება კი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრებულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ განახლებადი წყაროების 94.9%-იანი წილი პორტუგალიისთვის რეკორდული არ არის. აღნიშნული რეკორდი 1978 წლის მაისში დამყარდა, როდესაც ელექტროენერგიის 95.4% მწვანე რესურსებიდან იყო გენერირებული.
პორტუგალია განახლებადი ენერგიის წარმოებით ევროკავშირის უპირობო ლიდერია. 2021 წელს ქვეყანაში სრულად შეჩერდა ქვანახშირის ელექტროსადგურები, 2019 წლიდან კი განახლებადი რესურსების ელექტროსადგურების სახელმწიფო აუქციონების რაოდენობა მზარდია.
წარმატების მიუხედავად, Ember-ის ყოველწლიური კვლევა აჩვენებს, რომ პორტუგალიაში ქარის ენერგიის გენერაცია 2019 წლის პიკს კვლავ არ დაახლოებია, მიუხედავად ქვეყნის განახლებული გეგმისა, რომლის თანახმადაც ქარის ენერგიის ამჟამინდელი სიმძლავრე - 5 გიგავატი - 2030 წლისთვის 12 გიგავატამდე უნდა გაიზარდოს.