მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში, თბილისში ბინების გასაყიდი ფასი მ²-ზე $1 202-მდე გაიზარდა - TBC Capital

უძრავი ქონება

TBC Capital-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, აპრილში ბინების გასაყიდი ფასი მ²-ზე წლიურად 3%-ით $1 202-მდე გაიზარდა.

გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,193 შეადგინა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27%-ით გაიზარდა, რასაც TBC Capital-ში დაბალი საბაზისო ეფექტით ხსნიან. რაც შეეხება ბაზრის ზომას, გაყიდული ბინების ღირებულება 28%-ით $254 მილიონამდე გაიზარდა.

„2024 წლის აპრილში, როგორც მოსალოდნელი იყო წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაუმჯობესდა. ასევე, აპრილში წინა თვესთან შედარებით დაფიქსირდა 7%-იანი ზრდა. როგორც ჩანს, მარტის თვეში დაფიქსირებული კლება განპირობებული იყო 26 მარტს საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც უძრავი ქონების რეგისტრაციას უკავშირდება.

2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში გაყიდული ბინების რაოდენობა თითქმის ზუსტად იგივე დონეზეა, როგორც 2022 წლის იმავე პერიოდში, როცა მოთხოვნა მაღალ დონეზე იყო“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

სეგმენტის მიხედვით, ახალი ბინების გაყიდვები აპრილში წლიურად 63%-ით 679-მდე გაიზარდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი ბინების ასეთი ზრდა დაბალი საბაზისო ეფექტითაა განპირობებული. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელდა 2,514 ტრანზაქცია და წლიურად 20%-ით გაიზარდა.

ახალი ბინების გაყიდვის ზრდის ფონზე, მთლიან ტრანზაქციებში მათმა წილმა 21%-ს მიაღწია. საშუალო გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით გაზრდილია როგორც ძველ ბინებზე (3.8%), ასევე ახლებზე (3.4%). 2024 წლის მარტთან შედარებით საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 3.6%-ით გაიზარდა. ძველი ბინების ფასი კი თითქმის არც შეცვლილა(-0.2%თ/თ).

აპრილში 50-დან 75 მ²-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა ტრანზაქციებში ყველაზე დიდი წილი 42% შეადგინა. 125 მ²-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილი კვლავ 5%-ზე დარჩა. მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილი მთლიან ტრანზაქციებში კვლავ იზრდება და ამ თვეში 21%-ს გაუტოლდა. „აღნიშნული მაჩვენებელი 5 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს და 2 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის მარტთან შედარებით“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, ბინების გასაქირავებელი ფასი თითქმის უცვლელი დარჩა და $12.1-ს გაუტოლდა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 7%-ით შემცირდა. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგებიც მცირედით შეიცვალა და 10.6% შეადგინა(-0.9პპ,წ/წ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები