2025 წლის დეკემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურ ჭრილში 11%-ით, 4 385 ბინამდე გაიზარდა - ამის შესახებ TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში ვკითხულობთ.
პუბლიკაციის თანახმად, მსგავსი ზრდა ნაწილობრივ დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებამ განაპირობა.
2025 წლის დეკემბერში, ბინის გასაყიდი ფასი გასული თვის, ნოემბრის, მაჩვენებელზე - $1 341-ზე - შენარჩუნდა, რაც წლიურ ჭრილში 6%-იან ზრდას უტოლდება.
რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზრის მონაცემებს, ძველი და ახალი ბინების გაყიდვების მიხედვით, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის დეკემბერში, 750 ახალი ბინა გაიყიდა, 24%-ით მეტი, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში. ძველი ბინების შემთხვევაში კი ტრანზაქციების რაოდენობამ 3 635 შეადგინა, რაც წლიურად 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2025 წლის დეკემბერში, გაყიდული ბინების უდიდესი წილი კვლავ 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ბინებს უკავია, რომელიც მთლიანი გაყიდვების 44%-ს შეადგენს. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინებმა ჯამური გაყიდვების 4% დაიკავა და გასული თვის დონეზე შენარჩუნდა.
თბილისის უბნებს შორის ყველაზე მეტი ტრანზაქცია კვლავ დიდ დიღომში განხორციელდა. ამავე თვის განმავლობაში, თბილისის უმრავლეს უბანში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურ ჭრილში გაიზარდა, მათ შორის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა კრწანისში, ვაკეში და დიდ დიღომში. ხოლო, ჩუღურეთში გაყიდული ბინების რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა.
მთაწმინდასა და ვაკეში საშუალო გასაყიდი ფასი $2 200-ის ზემოთ ნარჩუნდება. გასაყიდი ფასის ყველაზე მაღალი წლიური ზრდა ჩუღურეთში დაფიქსირდა.
ამავე თვეში, უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $384 მილიონი შეადგინა და წელი წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება 2025 წელს, კვლევის თანახმად, ჯამური გაყიდვები წინა წელთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი.



























