2024 წლის აპრილში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 3 220 ერთეული იყო, ზრდა წინა წელთან შედარებით 24.7%-ია.
Galt & Taggart-ის აპრილის განახლებული მონაცემების მიხედვით, ტრანზაქციების ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე (29.1% წ/წ და 21.3% წ/წ, შესაბამისად).
2024 აპრილში რეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი კვლავ დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში იყო. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები გაიზარდა თბილისის ყველა რაიონში, გარდა კრწანისისა (-5.9% წ/წ) და მთაწმინდის (-18.8% წ/წ).
აპრილშიც ყველაზე მოთხოვნადი საშუალო ზომის (51-80 მ2) ბინები იყო.
„მიმდინარე წლის აპრილში ნომინალში იყო ზრდა, თუმცა აღსანიშნავია რომ გასული წლის აპრილი ყველაზე სუსტი თვე იყო, რაც ნიშნავს რომ ეს ზრდა საბაზისო ეფექტით იყო გამოწვეული. უფრო საინტერესო იქნება თუ 4 თვეს შევაჯამებთ, სადაც გვაქვს მცირე ზრდა თბილისში, საშუალოდ 2-3%-ის ფარგლებში. საბოლოო ჯამში პირველ 4 თვეში უძრავი ქონების ბაზარი იმ ტემპს მიჰყვებოდა, რაც იყო შარშან.
ფასების ჭრილშიც ერთნიშნა ნორმალურ ზრდას აჩვენებს.“ - განაცხადა Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსმა კახა სამყურაშვილმა.
გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას სამყურაშვილმა მიმდინარე მოვლენების ეფექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოთხოვნა ბაზარზე გადავადებულია.
„არაპროგნოზირებად გარემოში ცხადია ადამიანები ერიდებიან ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, მოთხოვნის გადავადება ყველაზე სწორი შესატყვისია იმისა, რაც ახლა ბაზარზეა, ჯერ გადავადებასთან გვაქვს საქმე.
მეორე ფაქტორია ლარის კურსი, არასტაბილური პირობებში როდესაც ხშირად კურსი დილით და საღამოს განსხვავებულია, ეს ახდენს მომხმარებელსა და გამყიდველის შეთანხმებაზე ნეგატიურ გავლენას. ასევე თუ კურსი გაუფასურდა ეს სამშენებლო მასალს გააძვირებს, ანუ მომხმარებელსაც უძვირდება პროდუქტი და დეველოპერასაც.
ასევე რეფინანსირების განაკვეთიც აღსანიშნავია, რომელიც შემცირდა, ეს იაფს ხდის საკრედიტო რესურსს. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს არაპროგნოზირებადი გარემო. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, უფრო დიდხანს იქნება წნეხი უძრავი ქონების ფასზე. ჯერ ფასის გადახედვის საკმარისი მიზეზი არ არსებობს, თუმცა თუ დიდი ხანი გაგრძელდა არ გამოვრიცხავთ მოხდეს ფასის კორექცია.“ - აღნიშნა სამყურაშვილმა.