ბოლო თვეების განმავლობაში, სასტუმრო ბიზნესში შექმნილი კრიზისის ფონზე, ბიზნესის ნაწილი საფინანსო ინსტიტუტებს სასესხო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მიზნით მიმართავს. საუბარია დედაქალაქის განთავსების ობიექტებზე, რომლებიც 28 ნოემბრის შემდგომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის ინფორმაციით, ძირითად შემთხვევაში საოპერაციო ხარჯების დაფარვა სხვა ბიზნესებიდან გადმომისამართებული ფინანსური რესურსით ხდება. მარტი შედარებით გამოცოცხლებულია, რაც შალვა ალავერდაშვილის თქმით, მინიმუმ საოპერაციო ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას იძლევა.
„იანვარ-თებერვალი საკმაოდ რთულად გადავიარეთ. ძალიან ბევრი სასტუმროს მეპატრონეს მოუწია თანხის შემოტანა იმისთვის, რომ პერსონალი შეენარჩუნებინა და ობიექტი არ დაეხურა. მოხდა მეპატრონეების მიერ ობიექტების დაფინანსება და საოპერაციო ხარჯებისთვის ფულის დამატება. რაც შეეხება მარტს, შედარებით უკეთესი სიტუაციაა და სავარაუდოდ საოპერაციო ხარჯებს სასტუმროები ამ ეტაპისთვის გაისტუმრებენ დღევანდელი მოცემულობით, თუმცა ლაპარაკია საოპერაციო ხარჯებზე და ეს არ ეხება ბანკის სესხებს.
ის, რომ ბანკის სესხს სასტუმროები ვერ ემსახურებიან უკვე აქსიომა გახდა და ამ ეტაპისთვის ბანკის სესხი საერთოდ არ განიხილება სასტუმრო ინდუსტრიაში თბილისის მასშტაბით. მეპატრონეები თავისი სხვა ბიზნესებიდან ცდილობენ ბანკის სესხები ჩახურონ და ასე ხდება ამ სიტუაციის დალაგება“,- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი BMG-სთან.
სასტუმროები კრედიტებს რომ ვერ ემსახურებიან, ამაზე ისაუბრა "წერტილთან" ინტერვიუში "ინ ჯგუფის" თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამაც. მისი თქმით, დეველოპმენტი აფინანსებს სასტუმროების კრედიტს და უძრავი ქონების ბაზარზე მათი შესვლაც სასტუმროების კრედიტების გადახდის მიზნით განხორციელდა. სასტუმროების რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე" იყო ასევე საუბარი "საქმის კურსში| სასტუმრო Chateau Mere-ს დამფუძნებელ გია პირადაშვილთან.