ეუთო/ოდირის დასკვნის ავტორი სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგში... ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო?, - ამ კითხვით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას შეეხებოდა.
„ვნახეთ, რომ ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც ვვარაუდობ, მთავარი ავტორი, არის ადამიანი, რომელმაც ევროსაბჭოს დასკვნა დაწერა და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი იყო სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმე, ასევე, გელაშვილის ცემის საქმე არაფერი ყოფილა. ამას ამტკიცებდა ეს ადამიანი სტრასბურგის სასამართლოში და ახლა დასკვნის საშუალებით გვიმტკიცებს, რომ თურმე უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ცუდია. ამიტომ, რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი კითხვები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! ბოლო ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა? ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან, ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნისა, დიდი ალბათობით მთლიანად ამ ადამიანს მიანდვეს და მისი ტექსტია. არ მგონია საბჭოს სხვა წევრები დიდად ჩართულები ყოფილიყვნენ ამაში.
ნებისმიერ მომენტში, მათ შორის ახლაც, მას შემდეგ რაც კანონი მიღებულია, მზად ვართ დისკუსიისთვის ამ საკითხზე. ორი თვის განმავლობაში ვიხილეთ ხელის აქნევა, რომ არა, ღირებულებებს არ შეესაბამება. რომ ეკითხები, რომელ ღირებულებებს და რატომ, პასუხი გაიგეთ ხომ, რაც ჰქონდა პრეზიდენტის წარმომადგენელს: „იმიტომ“. ასე "იმიტოობით" გველაპარაკებიან ორი თვე და ეს რა თქმა უნდა, სერიოზული არაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.