მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ დავუპირისპირდებით თანამოქალაქეებს"- ხვალ სტუდენტები რუსთაველზე კონტრაქციის გამო არ შეიკრიბებიან

აქცია

„29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე“ - „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტი, ლადო მაჭავარიანი „ახალგაზრდული ჯგუფებისა და სტუდენტური მოძრაობების სახელით“ აცხადებს, რომ 29 აპრილს მათი საპროტესტო დემონსტრაციები არ დაემთხვევა იმ ადგილს, სადაც „ქართული ოცნება“ კონტრაქციას მართავს.

მაჭავარიანის თქმით, ჯგუფებს ესმით, რომ ეს პროვოკაციას გამოიწვევს.

„არ დავუპირისპირდებით თანამოქალაქეებს, არ მივცემთ ვინმეს შანსს, რომ პროვოცირება მოახდინოს. ხელისუფლება, რომელიც მუდმივად მშვიდობაზე საუბრობს, დაპირისპირების და პროვოკაციის გზას ირჩევს 29 აპრილის კონტრაქციით. ჩვენი პასუხი სხვანაირია, ჩვენ ვირჩევთ ერთობას და რეალურ მშვიდობას. მშვიდობიან, მაგრამ მტკიცე პროტესტს ვაგრძელებთ“, - განაცხადა მან.

ხვალ, „ქართული ოცნება“ პარლამენტის წინ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეთა საპირწონედ, კონტრაქციას მართავს.

29 აპრილსვე, 9:00 საათზე, პარლამენტში დაგეგმილია ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ „რუსული კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენა.

მანამდე, 28 აპრილს, კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაა დაგეგმილი, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები