მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ გამოვრიცხავ, ლობირება იყოს პოლიტიკური და ბიზნეს ჯგუფებიდან" - რა კითხვებს აჩენს უნივერსალური სალარო აპარატების ინიციატივა?

სალარო აპარატი

“საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საგადახდო მომსახურების ბაზარზე დაგეგმილი ცვლილებების მიღებამდე მისი ეკონომიკური ეფექტები და გავლენა საბანკო სექტორსა და მომხმარებლებზე კარგად უნდა გაანალიზდეს.

საქმე ისაა, რომ პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს. ბიზნესებს შესაბამის მოწყობილობებსა და მომსახურებას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის მიერ შერჩეული კომპანია მიაწვდის. კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ეროვნული ბანკი.

ამასთან, როგორც BMG-სთან გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ინიციირებული ცვლილებები კონკრეტული ბიზნეს ჯგუფების ინტერესებზე მორგებული.

“არ გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს გარკვეული ლობირების შემთხვევაც გარკვეული პოლიტიკური და ბიზნეს ჯგუფების მხრიდან. ეს შედეგი დგება მაშინ, როდესაც პარლამენტი სავსეა ბიზნესმენებით, რომლებიც ვითომ ფორმალურად ჩამოცილებული არიან საკუთარ ბიზნეს საქმიანობას, მაგრამ ჩვენ რეალობაში ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომელიც გარკვეულ ბიზნეს ინტერესებს ემსახურება, რაც, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში არ იქნება მომხმარებლისთვის მოგებიანი. ეს შეიძლება შეფუთონ, რომ მომხმარებლებისთვის იქნება კარგი, ერთიანი გადახდის სისტემები, ადმინისტრირება გაუმჯობესდება და ხარჯები შეუმცირდება საცალო ბიზნესს. მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ვინმე ძალიან მოგებული დარჩეს, რომელიც საკუთარ საგადახდო სისტემას შემოიტანს და იმ ტენდერებშიც ადვილად გაიმარჯვებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩაატარებს.

როდესაც ჩვენ ვხედავთ ლობირების აშკარა შემთხვევებს და კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფებს, რომლებიც პარლამენტში არიან, ან ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ისინიც ცდილობენ, რომ საკუთარი შემოსავლები გაზარდონ და საკმაოდ დიდი ბაზარია ამისთვის საგადახდო სისტემები. არ გადაიხდი მაგალითად, საბანკო ბარათით, რაღაც სხვა სისტემით გადაიხდი, შეიძლება ეს მოგება წავიდეს უკვე სხვა ბიზნესის ჯიბეში.

ამიტომ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს მე დღეს, მით უმეტეს, ვიდრე განხილვები დაიწყება და უფრო მეტი ინფორმაცია და ნათელი სურათი გვექნება. საინტერესო იქნება თავისთავად საბანკო ასოციაციის და ეროვნული ბანკის პოზიციაც, რა შეიძლება დაკარგონ ამით ბანკებმა და ამან შემდეგ რა ეფექტი შეიძლება იქონიოს ზოგადად მომხმარებლებზე. ვფიქრობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ბიზნესთან უშუალო კომუნიკაციით უნდა მიიღებოდეს და უნდა გაითვალისწინოს ზოგადად პარლამენტმა ყველა ის რისკი, რაც არსებობს და რა კითხვის ნიშნებიც ჩნდება. იმისთვის, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცეს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება განხილვები და ბანკების და ბიზნესის პოზიციის მოსმენა”, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები