ე.წ. აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, ადგურ არძინბა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ აინტერესებთ.
ცნობისთვის, სოხუმში მიმდინარე პროცესები სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის დაჩქარებაა.
"მინდა გამოვეხმაურო მოვლენებს, რაც მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი, და რაც პრინციპში, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას ამ მთავრობის "დათმობების“ – თითქოს, ამით შეიძლება რუსეთს შეაცვლევინო პოლიტიკა. ამით მხოლოდ ააჩქარებინებ", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ადგურ არძინბას თქმით, "აფხაზური ოპოზიცია შიდა პოლიტიკურ ბრძოლას ექსკლუზიურად აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებს".
"მინდა, შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც საკუთარ მსჯელობებსა და შეფასებებში ეროვნული მითოლოგიით ხელმძღვანელობს და არა რეალობით და საღი აზრით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ ბედს, მიმართულებებს, ეროვნულ ინტერესებს. აფხაზი ხალხი აბსოლუტურად ერთიანია უმთავრესში – ჩვენი კონსტიტუციის ძირითად დებულებებში, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით", – ამბობს არძინბა.
არძინბა, რომელიც რუსულ ინვესტიციებს რუსეთის დროშით ხელში აპროტესტებს, წერს, რომ ქმედებები, რომლებიც ამჟამად აფხაზეთში მიმდინარეობს, ანტირუსული არ არის.
"ნებისმიერი განცხადება ამ თემაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის ის, არის 100%-ით ტყუილი და პროვოკაცია. რუსეთთან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობისკენ მიმართული კურსი ურყევი რჩება, ისევე როგორც ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები და ურთიერთდახმარება. აფხაზური ოპოზიცია შიდა პოლიტიკურ ბრძოლას ექსკლუზიურად აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებს. ჩვენ არ ვიცით, ვის ინტერესებს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილი და, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს დიდად არ გვაინტერესებს. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენს მიწაზე წესრიგის აღსადგენად და ამისთვის ნამდვილად არ გვჭირდება არცერთი პოლიტიკური ფიგურის სოლიდარობა ენგურის მეორე მხრიდან", – წერს ადგურ არძინბა საკუთარ ტელეგრამ არხზე.