საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სჯერა, რომ „საეჭვო სათაურის კანონი ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია და არა - რუსეთისკენ“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ე.წ. „რუსულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა. ამასთან, მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელიც ამჟამად ბიზნესითაა დაკავებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსობრივ მხარესთან გარკვეული შენიშვნები და კითხვებიც აქვს. „ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელია“? – „წერტილში“ ეს კითხვა გელა ხანიშვილსაც დავუსვით. მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ფიქრობს, რომ კანონისთვის უკეთესი სათაურის მოფიქრება შეიძლება და ამ და სხვა თემებზე პარლამენტში უნდა ემუშავათ.
- ჩემი აზრით, რადგან საზოგადოების წინააღმდეგობა არის, შესაძლებელი იყო, ამ კანონზე იმუშაონ პარლამენტში პოზიციამ და ოპოზიციამ და მიიღონ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, კანონის უკეთესი რედაქციის მიღების გზით. როგორც კანონებზე მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანმა, შემიძლია ვთქვა, ამ საკითხს როგორ შევხედავდი, მე რომ პარლამენტარი ვყოფილიყავი ანუ როგორ შევინარჩუნებდი კანონის შინაარსს და კანონის ამოცანას ანუ პრობლემების გადაჭრასაც ემსახურება, მაგრამ სხვა ტექსტით. მეგობრებთან ერთადაც განვიხილე ეს კანონი.
- რა დასკვნამდე მიხვედით - თუ „რუსული კანონის“ ნამდვილი მიზანი არის გამჭვირვალობა, სხვა კანონებში ცვლილების შეტანით ან მუხლის დამატებით ვერ შეიძლებოდა ამ პრობლემის გადაჭრა ან სხვა სახელით?
- თეორიულად ყველაფერი შეიძლება, ამას სჭირდება მსჯელობა და არა - იარლიყები.
- მთავარი კითხვაც ეს არის - არის კი, ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობა?
- ამ კითხვის დამსმელმა სხვა მიზანი უნდა დაინახოს...
- დავინახეთ. დაინახეს საერთაშორისო პარტნიორებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, ვისაც ეს კანონი შეეხება და მათი დიდი ნაწილი არ აპირებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ რეესტრში დარეგისტრირებას. მაგალითად, ნინო ზამბახიძეს და „ფერმერთა ასოციციას“ ყველა კარგად ვიცნობთ. რატომ უნდა იაროს მან ამ იარლიყით?
- არ უნდა აიაროს.
- “ფერმერთა ასოციაციას“ ამ სახელს არქმევს „რუსული კანონი“...
- მასთანაც დიდი დისკუსია მქონდა...
- ანუ უხერხულია ეს იარლიყი მივაკეროთ ნინო ზამბახიძეს?
- მე არ ვთვლი რომ უხერხულია და იმიტომ არ უნდა ვუწოდოთ...
- „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ რეესტრი უწოდებს ამას...
- საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ. ასოციაცია, ისევე როგორც ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ხარჯავს უცხოურ ფულს უცხოური კანონმდებლობით, უცხოური შესყიდვის მეთოდოლოგიით და უცხოელების რეკომენდაციით...
- ამიტომ ფერმერთა ასოციაცია უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელია?
- არის.
- რატომ?
- სიკეთის გამტარებელია.
- სიკეთე ვისთვის მოაქვს?
- საზოგადოებისთვის.
- მაშინ ქართული ინტერესების გამტარებელი რომ დავარქვათ და არა უცხო ძალის?
- თეორიულად ეს შეიძლება... როდესაც უცხოელი მაძლევს ფულს მერძევეობის სექტორის განვითარებაში, ვაკეთებ ქართულ საქმეს, ვავითარებ სექტორს და შევდივარ ევროკავშირში, რადგან ევროკავშირი მთხოვს, როგორი მერძეული მეურნეობა უნდა მქონდეს. ის, როდესაც ამ ფულს მაძლევს, ერთად ვაკეთებთ ევროპულ და ქართულ საქმეს, მე როგორც მისი ოჯახის განუყოფელი წევრი.
- სწორედ ამიტომაც, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი რატომ უნდა ეწოდოს ამ ორგანიზაციებს? ვუწოდოთ ქართული ინტერესების გამტარებელი ან ქართულ-უცხოური თუ მიზანი არაა იარლიყის მიკვრა...
- არ შეიძლება, რადგან უცხოურ ფულზეა საუბარი...
- ქართულიც ხომ არის?
- დიახ, კანონის თანახმად, ვისი შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალაა, ის ორგანიზაცია რეგისტრირდება. თუ სულ ქართულია, არავინ არაფერს გეუბნება.
- ანუ სადღაც ცუდი აღქმა/შინაარსი აქვს ამ იარლიყს...
- შინაარსი ცუდი არაა - უცხოურ ფულს ხარჯავს არასამთავრობო ორგანიზაცია.
- უცხოური ძალის ინტერესს ატარებს?
- უცხოური ძალა არ მოდის აქ, თუ იმ ძალას არ უნდა, შენ რამე გააკეთო...
- მგონი, არ გსურთ დაიჯეროთ, რომ ცუდი შინაარსი აქვს ამ კანონს და სახელი მით უმეტეს და ნამდვილი მიზანი არ არის ფინანსების გამჭვირვალობა.
- თქვენ უნდა დაიჯეროთ...
- რა უნდა დავიჯეროთ - „ქართული ოცნების“ დაწერილი კანონი მოსწონს მხოლოდ რუსეთს და მეორე მხარეს არის ყველა ნამდვილი საერთაშორისო მეგობარი და პარტნიორი, ვინც გვაფრთხილებს, არ ავამოქმედოთ ეს კანონი, რადგან ევროპული პერსპექტივისთვის ცუდია...
- არა, ისინი ამბობენ, რომ ეს კანონი შეიძლება უკეთესი რედაქციის იყოს და მეც ვადასტურებ.
- მთელი წელი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ამ კანონის უკეთესად დამუშავებისთვის, მაგრამ არავის სჯერა, რომ მიზანი გამჭვირვალობაა...
- ევროკავშირს 2.5 მილიონ-ევროიანი ახალი პროექტი აქვს გამოცხადებული სოფლის მეურნეობის მიმართულებით. თუ შენ არ შეადგინე ისეთი განაცხადი, რომელიც EU-ის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, 2.5 მილიონს არავინ მოგცემს.
- ძალიან კარგი. ესეც ადასტურებს იმას, რომ დონორები მომთხოვნები არიან, როდესაც ფულს გვაძლევენ, რათა ხარჯვა იყოს ეფექტიანი.
- დიახ, ჩემთვისაც მისაღებია...
- სიკეთეს ვის მოუტანს ამ ფულის დახარჯვა - „უცხო ძალას“ თუ საქართველოს?
- სიღრმეში ნუ შემიყვანთ... კანონზე ვისაუბროთ - თბილისში ვიზიტით მყოფმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენმა ორი ფუნდამენტური შენიშვნა თქვა: პირველი - ეს კანონი არ ფარავს ყველას და ყველაფერსო; მეც მაქვს ასეთი კითხვა - უცხოური კომპანია რომ მუშაობს საქართველოში, მან რომ დააფინანსოს ნებისმიერი თემა, მე ეს კანონი ვერ მცემს პასუხს უცხო ძალა არის თუ არა? მაგალითად, ენერგეტიკაში უამრავი რუსული კომპანია. თუ ეს კომპანია რომელიმე აიპ-ის მისცემს ფულს რუსული საქმის გასაკეთებლად, ის ექცევა თუ არა ამ კანონის ქვეშ?! ასევე, ო’ბრაიენმა თქვა, რომ მსგავს კანონებში, როცა საქმე გამჭვირვალობას შეეხება, კონკრეტული ორგანიზაციის ქცევის შემდეგ ხდება ხოლმე რეაგირება და სასამართლოთი მისი გარკვევა, მაშინ როცა ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა შეამოწმოს ორგანიზაცია. ეს რეკომენდაციები ჩემთვის ტოვებს სივრცეს მსჯელობისთვის ანუ შეიძლება ამ კანონის უკეთესად წარმოჩენა. მათ შორის, მგონია, რომ უკეთესი სათაურის მოფიქრებაცაა შესაძლებელი, რაც ყველაზე მტკივნეულია კომპანიებისთვის, იგივე ნინო ზამბახიძისთვის, რომელიც თეორიულადაც არ შეიძლება, გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს, როცა ისედაც გამჭვირვალეა.
- არც არის. თქვენ მოგეწონებათ, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი გიწოდოთ?
- არ იფიქროთ, რომ ჩემზე არ ვრცელდება ეს კანონი... ერთ-ერთმა კომპანიამ მიმიწვია ექსპერტად, რომელსაც ეს კანონი ეხება, ამიტომ მეც მეხება...
- მოგეწონებათ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყი?
- არა. მე, როცა უცხოური ძალის ინტერესების ქვეშ ქართულ საქმეს ვაკეთებ, ამას ასე ვერ აღვიქვამ, მაგრამ იცით, რა არ მომწონს ყველაზე მეტად?! - როცა განუსჯელად ვიღაცას მიანიჭებენ რუსეთუმეს იარლიყს.
- „რუსული კანონი“ არის სწორედ იარლიყებზე...