მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომაა მიუღებელი ნინო ზამბახიძისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაცია?

ნინო ზამბახიძე

„ნინო ზამბახიძე და „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ საქართველოში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელია?“ – BMG-ის ამ კონკრეტულ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა ე.წ. „რუსული კანონის“ მხარდამჭერებსა და მმართველი ძალის წარმომადგენლებს უჭირთ. გამონაკლისი არც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარის განმეორება დასჭირდა - „როდესაც დაფინანსების წყარო არის რომელიმე ქვეყანა, დაფინანსება რა თქმა უნდა, ხდება საკუთარი ინტერესის გასატარებლად. აქ ცალსახა ლოგიკაა. თუმცა უცხოური ძალის ინტერესი არ ნიშნავს, რომ ეს არის საზიანო ინტერესი და არ ემთხვევა ჩვენი ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თავად ნინო ზამბახიძემ კი, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია არ აპირებს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას, რადგან მიაჩნიათ, რომ საქართველოს ემსახურებიან და ამ ქვეყნის ინტერესებს ატარებენ.

- მადლობა თქვენ რესპონდენტებს, რომლებმაც ვერ თქვეს, რომ მე საქართველოში უცხოურ ძალის ინტერესების გამტარებელი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად ხედავენ, რას საქმიანობს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. ჩვენ არ ვაპირებთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციას, რადგან არც მე და არც ჩემი ორგანიზაციის თანამშრომლები, რომელთა შორის Gen Z-იც არის, არ ვთვლით, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ვართ. მიგვაჩნია, რომ ვემსახურებით ქართულ საქმეს და ვატარებთ საქართველოს ინტერესებს, ჩვენი პროექტების დახმარებით. ვინც სხვანაირად ფიქრობს, მათთვის კითხვას ასე დავსვამ - თვლით თუ არა, რომ ვატარებთ უცხო ქვეყნის ინტერესს, მაშინ როცა ჩვენი ქვეყანა 70%-ით იმპორტდამოკიდებულია და დონორები თანხმდებიან იმაზე, რომ ხელი შეუწყონ პირველად წარმოებას, რაც ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს! რიგ შემთხვევაში კი, ეს პრობლემას და გამოწვევებს უქმნის ევროპის ქვეყნებს, რადგან მათ შეიძლება ექსპორტი შეუმცირდეთ ანუ თუ ჩვენი ადგილობრივი წარმოება გაიზრდება, ნაკლები იმპორტი დაგვჭირდება. ეს არის საქართველოს ინტერესების გატარება თუ ეს არის უცხო ქვეყნის ძალების ინტერესების გატარება?! ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ეს საქართველოს ინტერესის გატარებაა და ამიტომ ძალიან რთულია ამ იარლიყით სიარული და ჩემთვის მიუღებელია.

- „ნინო ზამბახიძე და „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ საქართველოში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელია?“ - ბოლო კვირებში ეს კითხვა ე.წ. „რუსული კანონის“ არაერთ მხარდამჭერს დავუსვი სოციალურ ქსელში. მათ შორის იყო ვიქტორ წილოსანი (თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი), რომლის აზრითაც, თუ თქვენ საფრანგეთის რომელიმე ფონდის გრანტი გექნებათ და ეს იარლიყი მიეკვრება თქვენ ფერმას, საფრანგეთის ინტერესების გამტარებელი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იდენტური ხარისხის პროდუქცია აწარმოოთ, რაც ნინო ზამბახიძისთვისაც უკეთესი იქნებაო. რას ეტყოდით მას - თქვენ რატომ ვერ აღიქვამთ ამ კანონპროექტს ასე პოზიტიურად?

- ჩემს ქვეყანაში როდესაც ვაკეთებ საწარმოს, რომელიც დაფინანსებულია თუნდაც საფრანგეთის მთავრობის მიერ, მე მის ინტერესებს როგორ ვატარებ ან რა შეიძლება იყოს საფრანგეთის ინტერესი?!ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და ჩვენი მოსახლეობის ხარისხიანი პროდუქტით გამოკვება, სინამდვილეში, საფრანგეთის ინტერესია თუ ჩემი და ქვეყნის, სადაც შემიძლია ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოო?!

- "გამჭვირვალობაში რა არის ცუდი“ - ეს არის მმართველი ძალის ერთ-ერთი არგუმენტი, ამიტომ კიდევ ერთხელ გკითხავთ - რომ არა იარლიყის მიკვრა, უფრო დეტალური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წინააღმდეგი იქნება „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“?

- არა, რა თქმა უნდა... ისედაც გამჭვირვალეები ვართ, მაგრამ მზად ვართ, უფრო მეტი გამჭვირვალობისთვისაც, თუ ამას მოითხოვენ შესაბამისი უწყებები.

- თუმცა მმართველი ძალის მიერ დაწერილი კანონი ითხოვს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, ეწოდოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ამდენად, რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოთ?

- მე ვერ ამოვხსენი, რა არის ამ კანონის მიზანი. ჩემთვის, ერთ-ერთი პატრიოტი ადამიანისთვის ეს იარლიყი მიუღებელია, რადგან არ ვთვლი, რომ უცხოური ქვეყნის ძალის ინტერესებს ვემსახურები. ამდენი წელია, მთელი გუნდით ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის და ფერმერების განვითარებას ვემსახურებით.

- რას ეტყოდით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს - განსაკუთრებით, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომლებიც კარგად იცნობენ თქვენ საქმიანობას?

- არაფერს ვეტყოდი. თავად თქვან, რას ფიქრობენ ჩვენზე... არ მიყვარს რჩევის მიცემა ან საკუთარი აზრის სხვებისთვის თავზე მოხვევა. თავად უკეთ გადაწყვეტენ, რა ინტერესს ვატარებ ჩემი ორგანიზაციით და ფერმერებით. ვფიქრობ, ისინი არ ფიქრობენ, რომ მე უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ვარ, ამიტომ არ გაგცეს პასუხი, რაც დასაფასებელია და მადლობა ამისთვის...

- თუმცა თუ „რუსული კანონი“ ამოქმედდა, თქვენი ორგანიზაციაც იქნება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“...

- თუ კანონი მიიღეს, ჩვენ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და შევაჩერებთ საქმიანობას, რადგან არ ვთვლით, რომ უცხო ქვეყნის ინეტერსს ვატარებთ. მე და ჩემ გუნდს მიაჩნია, რომ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს; ჩემი თანამშრომლები საქართველოს საქმეს აკეთებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები