ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები არ იქნება, თუ მთავრობა ქმედებებს არ შეცვლის და "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონს უკან არ წაიღებს.
ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე, მარგუს ცაჰკნამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის ევროკავშირის მიმართულებით.
"პირველი მნიშვნელოვანი გზავნილი ის არის, რომ არ იქნება რაიმე სახის შემდგომი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირის მიმართულებით, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის ქმედებებს, თუ მთავრობა უკან არ წაიღებს უცხოელი აგენტების კანონს, ეს ნათელია. არის სხვადასხვა ზომების ჩამონათვალი, რომელიც კომისიამ მოამზადა. იქნება საუბარი საქართველოში სხვადასხვა ფონდების მხარდაჭერაზე, შენგენის ვიზის აკრძალვაზე მაღალი დონის ოფიციალური პირებისთვის, ბევრი სხვა ასპექტი. ასე რომ, საქართველოსთვის სიტუაცია სერიოზულია და ყველა ეს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა, რადგან საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირისკენ გზას. ერთი თვეზე მეტი ხნის წინ, ბალტიისპირელ და ისლანდიელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვიყავი საქართველოში და ვხედავთ, რაც ხდება. ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზომების მიღება”, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
დღეს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო იმართება, რომლის დღის წესრიგშიც ერთ-ერთი საკითხი საქართველოა. საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა დაიხურება, თუ საქართველოს მთავრობა იმავე გზით გააგრძელებს სვლას.