მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ მესმის, რატომ უნდა მომინდეს პარლამენტის წევრობა” - ინტერვიუ პაატა კურტანიძესთან

პაატა კურტანიძე

ფარმაცევტული კომპანია “ავერსის” დამფუძნებელმა BMG-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოსა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა:

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის ბიზნესი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მუდმივი სამიზნე?

- მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეებს არ ესმის ბოლომდე ბიზნეს საკითხები. ამას წინათ საკმაოდ მაღალი დონის სახელმწიფო მოხელემ მითხრა, რომ საქართველოში იმაზე მეტი აფთიაქია, ვიდრე საჭიროა. არგუმენტი ჰქონდა, რომ თურქეთში 75 მლნ ადამიანი ცხოვრობს და არის 22 000 აფთიაქი. ამ დათვლით საქართველოში უნდა იყოს 900 აფთიაქი, თუმცა არის 1600. ჩემს კითხვაზე, რატომ არის ეს ცუდი, მიპასუხა, რაც მეტი აფთიაქია, მით უფრო ძვირად იყიდება წამლები, ხოლო რაც ნაკლები აფთიაქი იქნება, მით უფრო იაფად გაიყიდება წამლებიო. რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ვერანაირად ვერ ახსნი ამას. ან იგივე, რაც უფრო ლამაზ აფთიაქს აკეთებთ, ხომ უფრო ძვირად ყიდით წამლებსო. მე ვუპასუხე, რომ ფასის კონკურენცია არის ფასის კონკურენცია და აფთიაქს ვალამაზებ იმიტომ, რომ ფასზე ვიბრძვი და მინდა სხვა რამითაც კმაყოფილი მყავდეს მომხმარებელი. ამას ფასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე ეგონა, რომ მე თბილისში წამლებს უფრო იაფად ვყიდი, ვიდრე მესტიაში, ან სხვაგან. ყველა აფთიაქში გვაქვს ერთი და იგივე ფასები, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

- ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, როგორ ვითარდებოდა ეს ურთიერთობები?

- ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ბიზნესმენი პოლიტიკაში არ უნდა იყოს, რადგან ბიზნესმენს სხვანაირი ხედვა აქვს. მე არასდროს მიმუშავია ჩემი კომპანიის გარდა არსად. არასდროს ვყოფილვარ სახელმწიფო მოხელე. მე რომ სახელმწიფო თანამდებობა შემომთავაზონ, ან თუნდაც პარლამენტში ვიყო, არ იქნება სწორი, რადგან მე ჩემი მოსაზრებები მაქვს. სხვანაირი ხედვა და სხვანაირი გამოცდილება მაქვს, სხვანაირად ვუყურებ საკითხებს. მე თუ რამე მჭირდება, რომ ქვეყანაში უკეთესი ბიზნეს გარემო იყოს, ვეუბნები ადამიანებს, ვინც პარლამენტში ან მთავრობაში მუშაობს. სახელმწიფო მოხელე სხვანაირად ფიქრობს, ბიზნესმენი - სხვანაირად. აბსოლუტურად არასწორია, რომ მოქმედი ბიზნესმენი ხელისუფლებაშიც არის. მე არ მესმის, რატომ უნდა მომინდეს პარლამენტის წევრობა. ჩემთვის ეგ ყოველთვის გაუგებარია. რასაც ვაკეთებ, ის საქმე მსიამოვნებს, ვხედავ ძალიან ბევრ კმაყოფილ პაციენტს. არასწორი იქნება გადავაფორმო ოჯახის წევრზე ბიზნესი და თან კანონი დავარღვიო, ვითომ არ ვერევი ბიზნესი. როცა ორივეგან რომ ხარ, არცერთში არ ხარ სრულად ჩართული.

- დღევანდელ ბიზნეს საზოგადოებას როგორ აფასებთ?

- კარგია, რომ არსებობენ ისეთი სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანას ამოძრავებენ ბიზნესმენები და ბიზნესი. დასაქმება ყველა ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. გადასახადების გადახდა, ბიუჯეტის შევსება, ყველა ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა ხელისუფლების დროს უცხოელი ინვესტორი უფრო დაფასებულია, ვიდრე ქართველი. გაცილებით მეტი ხელშეწყობა აქვთ უცხოელ ინვესტორებს, ვიდრე - ქართველებს. აქედან გამომდინარე, რაც მეტი ხელშეწყობა იქნება, მით უკეთესი. მთავარია, ხელი არ შეგვიშალონ.

- გყავთ გამორჩეული პერსონა ბიზნესიდან? ვისაც გამოარჩევთ, რადგან თქვენ იმ თაობას წარმოადგენთ, რომლებმაც დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად შექმენით ბიზნესი…

- ძალიან ბევრ ბიზნესმენს დიდ პატივს ვცემ. ძალიან მიყვარს პიროვნულად, საქმიანად. ვაფასებ მათ შრომას. უშრომელად არაფერი მოდის. ზოგს ჰგონია, ბიზნესმენებს თავისით მოსდით ყველაფერი. მე თუ რამეს მივაღწიე, ეს მოხდა დღე-ღამეში 25-საათიანი შრომით. უშრომლად არც მიმიღწევია არაფრისთვის. მე არ ვიცნობ ბიზნესმენს არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ, ვინც რამეს უშრომელად მიაღწია. მთავარია შრომა, შრომა და შრომა. არ უნდა ვიყოთ ხელისუფლების იმედზე, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ისეთი ხელისუფლება მოვა, რომ არ ვიშრომებთ და მაინც კარგად ვიქნებით. ეგ არავინ უნდა იფიქროს. მიხარია, რომ საქართველოში ასეთი ბიზნესმენები არიან.

- ამხელა "ავერსს" არ ელოდებით?

- ნამდვილად არა…

- 2012 წელს შედგა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესთან… მაშინ მას სტატუსი არ ჰქონდა, უბრალოდ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული იყო, როგორ იხსენებთ ამ შეხვედრას?

- გაოცებული დავრჩი ამ შეხვედრით. წინა ხელისუფლებას და იმდროინდელ პრეზიდენტს ჩვენ[“ავერსი”, PSP, GPC] არ ვუყვარდით, რადგან ვერ გვეტყოდა - მე რომ არ ვყოფილიყავი, ვერაფერს გააკეთებდითო. გაკვირვებული დავრჩი იმ შეხვედრაზე, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც ბიზნესი დაიწყეს მანამდე არსებული ხელისუფლების პირობებში და მართლა ხელის შეწყობით, უცებ ამბობდნენ, რა კარგია რომ ის ხელისუფლება დამარცხდა და თქვენ მოხვედითო.. ადამიანის ორ დღეში შეცვლა ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო და არც მესიამოვნა ადამიანურად. მეორე ემოცია ამ შეხვედრაზე ის იყო, რომ რამდენჯერმე ითქვა, ფარმაცევტულ სფეროში მონოპოლიააო. მონო ნიშნავს ერთს და თუ სამი კომპანიაა, ესე იგი მონოპოლია აღარ არის. გერმანულ ბაზარზე სულ არის სამი ფარმაცევტული კომპანია. აშშ-ში არის ხუთი დისტრიბუტორი კომპანია. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ, ეს არ მომხდარა ისე, რომ დავიძინე, გავიღვიძე და ამხელა კომპანია მქონდა. ყოველდღიური, 25-საათიანი შრომით არის ეს მიღწეული.

- მას შემდეგ ხომ არ გადაკვეთილხართ ბიძინა ივანიშვილთან?

- მეუბნებოდნენ რ გეშველებაო, არადა მაშინ მე სიმართლე ვთქვი, რომ ჩვენს [ფარმაცევტულ კომპანიებს] შორის არანაირი გარიგება არ არის. როგორ შეიძლება ამდენ თანამშრომელს უთხრა, რომ ვიღაცასთან გარიგდი? კანონს თუ არღვევ შენმა თანამშრომლებმაც იციან და ეს ნიშნავს, რომ მათ ვერ უხელმძღვანელებ. ძალიან მიკვირს ამაზე რომ არ ფიქრობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები