განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ II კვარტალში სექტორის ზრდის მიზეზი ხელფასების მატება ყოფილიყო. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საკითხზე საუბრისას განუცხადა.
საქმე ის არის, რომ 2025 წლის II კვარტალში განათლების სექტორში რეკორდულად მაღალი 28.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სექტორის ზომამ 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე, მაღალი იყო განათლების სექტორის ზრდა I კვარტალშიც (27.7%). როგორც BMG-ს საქსტატში განუმარტეს, აღნიშნული მატება განპირობებულია განათლებაზე დანახარჯების ზრდით, განსაკუთრებით საჯარო სექტორის მხრიდან, ასევე განათლების სფეროში (ძირითადად საჯარო სკოლებში) ხელფასების მატებასთან.
განათლების მკვლევარი ამბობს, რომ შესაძლებელია ამ ზრდის მიზეზი სახელმწიფოს მიერ სკოლების ნაწილის რეაბილიტაციის დასრულება იყოს.
„ხელფასების მატება არ არის. სკოლების ვაუჩერის ოდენობა არ მომატებულა. ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება იყოს [სექტორის ზრდის], არის ის, რომ სკოლების ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და შეიძლება ამ კუთხით დანახარჯებმა გამოიწვია ზრდა. თუმცა ამ კუთხითაც რადიკალური ცვლილება არ ყოფილა“, - განმარტა განათლების მკვლევარმა Bm.ge-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მასწავლებლის ხელფასების მატების ახალი ფორმულა შეიმუშავეს, განათლების სექტორი საშუალო ხელფასის ოდენობის თვალსაზრისით კვლავ ბოლო ადგილებზეა.
„მასწავლებლის ანაზღაურება რომ ისევ დაბალია, არის ფაქტი. ამას დაემატა ისიც, რომ ეს ხელფასი მასწავლებლის კომპეტენციას არ მიაბეს, ვინაიდან სჭირდებოდათ პოლიტიკური მიზნებისთვის. ვინც იწვალა და სტატუსი აიმაღლა, გაათანაბრეს დაბალსტატუსიან მასწავლებლებთან. ამის შემდეგ ხელფასების ჭრილში სიახლე არც ყოფილა“, - აღნიშნა განათლების მკვლევარმა.




























