მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მიიღოთ ინიცირებული კანონპროექტი - "ქეა კავკასია" ე.წ. რუსულ კანონზე

CARE

"ქეა კავკასია" საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არ დაამტკიცოს. საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც სხვადასხვა სოციალურ პროექტზე მუშაობს, აცხადებენ, კანონპროექტმა, შესაძლოა, განვითარებაზე ორიენტირებული და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები შეაფერხოს.

"1. გამოითქვა ლეგიტიმური წუხილი, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს, განსაკუთრებით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას. ჩვენი აზრით, დონორების მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული დახმარების და განვითარების პროგრამების საბოლოო მიზანი, სწორედ, ადამიანის უფლებების რეალიზებაა და ამ უფლებების შეზღუდვა გავლენას იქონიებს ყველა მოქალაქის ღირსებასა და კეთილდღეობაზე.

2. საქართველოს მთავრობა, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია იღებს მნიშვნელოვან დახმარებას საერთაშორისო დონორებისგან, ფინანსური ინსტიტუტებისა და პარტნიორებისგან. ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები და შეშფოთება. ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესაძლო ცვლილება სერიოზულ გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყანაში თავისუფალი მედიის ფუნქციონირებაზე.

3. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შემცირდება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი დაფინანსება უცხოური დახმარების მიმწოდებლების მხრიდან. ტექნიკური და ფინანსური დახმარების შემცირება სამოქალაქო საზოგადოებისთვის ასევე დიდ გავლენას იქონიებს, ზოგადად, განვითარების პროგრამებსა და სოციალურ სერვისებზე, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ. ზიანს მოუტანს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს. საბოლოო ჯამში, კანონპროექტის ეკონომიკური შედეგები ქვეყნის ყველაზე ღარიბ და მოწყვლად მოქალაქეებს დააზარალებს.

4. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის შემცირება ასევე დააკნინებს საქართველოს და ქართული სამოქალაქო საზოგადოების როგორც ნეიტრალური აქტორის და მედიატორის როლს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების გადაწყვეტისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ეს საბოლოოდ აისახება საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობასა და ხალხის კეთილდღეობაზე.

5. ხელახლა ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობას მთავრობასთან. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, მათ შორის „ქეა კავკასიას”, აქვთ სახელმწიფოსთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება განვითარების და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელების პროცესში. კანონპროექტმა, შესაძლებელია, წარმოშვას წინააღმდეგობა ამ ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის და რისკის ქვეშ დააყენოს პარტნიორობა.

6. კანონპროექტმა, შესაძლოა ხელი შეუშალოს თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის. შედეგად, შესაძლებელია, შემცირდეს კერძო სექტორის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული ფილანთროპიის მიმართულებით.

7. კანონპროექტი გააღრმავებს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და შეარყევს საზოგადოების ნდობას. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის იარლიყის მიწებება გამოიწვევს სექტორის რეპუტაციულ ზიანს და მტრული დამოკიდებულების გაღვივებას როგორც ორგანიზაციების, ასევე მათი თანამშრომლების მიმართ.

8. კანონპროექტი დაასუსტებს და მძიმე ტვირთად დააწვება მედია ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, რეგიონალურ და მცირე ზომის მედია ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოების ინფორმირებას და განათლებას, ცნობიერების ამაღლებას და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას. მედია მნიშვნელოვანი მოკავშირეა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის როგორიცაა „ქეა კავკასიისა” და უდიდესი წვლილი შეასრულა როგორც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შემცირების, ისევე სხვა მრავალი დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ გააგრძელოს საზოგადოების სამსახური შეუფერხებლად.

9. ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უკვე ავლენენ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს, რამდენადაც ვარეგისტრირებთ ყველა საერთაშორისო გრანტს, რომლებსაც რეგულარულად უტარდება სხვადასხვა სახის აუდიტი. ინფორმაციას ფინანსებისა და პროგრამების შესახებ ვაწვდით საქართველოს საგადასახადო ორგანოებსა და სხვა შესაბამის უწყებებს. საჯაროდ ვაქვეყნებთ ინფორმაციას განხორციელებული პროგრამების შესახებ და სამიზნე თემების ინფორმირებისთვის ანგარიშგების მექანიზმები დავნერგეთ. გამჭვირვალობის აღნიშნული პრაქტიკები თუ არ არის საკმარისი, მისი კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მიღწევა შესაძლებელია უკვე არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით ან სამოქალაქო საზოგადოებისთვის მისაღები სხვა ფორმით.

ქეა კავკასიას სურს, გააგრძელოს შეუფერხებელი მუშაობა ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად: სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად საქართველოსა და რეგიონში. კანონპროექტის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გავლენა საბოლოოდ იმოქმედებს ღარიბი მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრებაზე და შეაფერხებს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე "ქეამ", საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა უნდა გააგრძელოს.

"ვემხრობით მოსაზრებას, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს, დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. "ქეა კავკასია" მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა გააგრძელოს, რამდენადაც ეს იქონიებს გავლენას თითოეული მოქალაქის უფლებრივ მდგომარეობაზე, რესურსებსა და შესაძლებლობებზე წვდომაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები