პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ის მიერ საქართველოს ძალოვანი სამსახურის მაღალჩინოსნების, ზვიად ხარაზიშვილისა (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურის, ასევე "ალტ-ინფოს" ლიდერების დასანქცირება, არა პრეზიდენტ ბაიდენის, არამედ მის ადმინისტრაციაზე არაფორმალური გავლენის მქონე ძალების გადაწყვეტილებაა.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, ფიქრობს თუ არა მთავრობა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ქვედა რგოლის წარმომადგენელთა დასანქცირება აშშ-ის მხრიდან ქართულ საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას ემსახურება.
"მე არ მჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე. ანუ, ბაიდენის მიღებული არ მგონია ეს გადაწყვეტილება, და მგონი, მთელი საქართველოც დარწმუნებულია ამაში. საუბარია ძალებზე, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენა მის ადმინისტრაციაზე.
რაც შეეხება გავლენას არჩევნებზე, აშკარად იკითხება. ყოველ ჯერზე არის გადაწყვეტილებები, ვიზიტები, თქვენ გახსოვთ, პირდაპირ რევოლუციის მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი პოლიტიკოსები. პირდაპირ რევოლუციურ სცენაზე ავიდა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის დეპუტატი. ასეთ პირობებში, რატომ გიკვირთ, რომ საარჩევნო პროცესშიც არის ჩარევის მცდელობა, რაც უხეშად ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, საარჩევნო პრინციპებს. გადავამოწმებთ, რამდენად მოხვდება ეს ყველაფერი [საერთაშორისო] დამკვირვებლების დასკვნებში - გინდა სანქცირება, გინდა დეპუტატების ვიზიტები და ა.შ." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციასთან მთავრობის კომუნიკაცია, პრემიერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება შეხვედრებისთვის ღიაა, თუმცა მეორე მხრიდან სათანადო ნაბიჯები არ ჩანს.
კობახიძე ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ პოლიციელების სანქცირება ქართული საზოგადოების აშშ-სადმი დამოკიდებულებაზე დადებითად არ აისახება.
"დიახ, გვექნება კომუნიკაცია, ალბათ პირადად მეც მექნება, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციასაც გაგიზიარებთ. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ შეხვედრებისთვის, დისკუსიებისთვის, კომუნიკაციისთვის, ამას არა მხოლოდ ვაფიქსირებთ, არამედ ჩვენი მხრიდან იდგმება ხოლმე ქმედითი ნაბიჯები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს არ მოჰყვება მეორე მხრიდან სათანადო ნაბიჯები. განსაკუთრებულ აქცენტს პოლიციელების სანქცირებაზე გავაკეთებ და შეგახსენებთ, რომ ესენი არიან პოლიციელები, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს საქართველოს უკვე მეორედ, 2020 წლიდან და მათ ასანქცირებენ, ასეთ დროს საზოგადოებას უჩნდება კითხვები, ხომ არ უნდა ვინმეს მესამედაც სცადოს რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია - ამას ვერ ეღირსებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ განცდა ხომ რჩება? - ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და ჩვენ მომავალში ველით ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებას სახელმწიფო ინსტიტუტების და ზოგადად ქართული სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციების შესაძლებლობაზე საუბრისას კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაბარების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელჩის დაბარება არ განიხილება და მთავრობა მაქსიმალურად უფრთხილდება პარტნიორებთან ურთიერთობას.
"რა თქმა უნდა, დაბარება არ არის ის აქტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ, როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ურთიერთობები გადაიტვირთება. და ეს მოხდება, ვფიქრობთ, მომავალი წლიდან. შესაბამისად, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება და პირიქით, კონტრპროდუქტიული ნაბიჯები იდგმება.
ჩვენ გვექნება მაქსიმალურად ჯანსაღი, კონსტრუქციული კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომელიც ერთადერთ რამეზე იქნება ორიენტირებული, რომ მომავალი წლიდან მაქსიმალურად აღვადგინოთ ჯანსაღი ურთიერთობები, რომლებსაც ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა წინა ელჩის პირობებში მთელი ოთხი წლის განმავლობაში, [კელი დეგნანი] პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის დაზუსტებაზე, აპირებს თუ არა მთავრობა რამე მოიმოქმედოს აშშ-ის წინააღმდეგ, როდესაც ის ფიქრობს, რომ აშშ ქვეყნის საარჩევნო პროცესებში ერევა, პრემიერი აღნიშნავს, რომ: "ეს არჩევნებიც დასრულდება, ომიც დასრულდება უკრაინაში და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მთლიანად ურთიერთობების გადატვირთვაზე".