მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ შეეგუოთ ოკუპაციას" - ილჰამ ალიევი უკრაინელებს

ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხანქენდში, შუშას გლობალური მედიაფორუმის მონაწილეებთან შეხვედრაზე უკრაინელებს მოუწოდა, არასოდეს შეეგუონ ოკუპაციას. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

„არასდროს არ შეეგუოთ ოკუპაცია! ეს არის მთავარი რჩევა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. უფრო სწორად, როგორც ჩვენ ვხედავდით ამ პროცესს“, - განაცხადა ალიევმა და აღნიშნა, რომ მისი დღევანდელი პასუხი არ განსხვავდება იმ პასუხისგან, რომელიც მან მსგავსი შეკითხვის დროს წარსულშიც გააჟღერა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა თითქმის 30 წელი არ შეეგუა ყარაბაღის ოკუპაციას და საბოლოოდ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლო.

„2020 წელს 44 დღეში ახალი რეალობა შევქმენით და მათ ამის მიღება მოუწიათ. უკრაინელებიც არ უნდა დანებდნენ და არასდროს უნდა შეეგუონ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, - განაცხადა ალიევმა.

მან ასევე გააკრიტიკა ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც 1992 წელს შეიქმნა კონფლიქტის (აზერბაიჯან-სომხეთის) მოსაგვარებლად. ალიევის თქმით, თანათავმჯდომარე ქვეყნები: საფრანგეთი, რუსეთი და აშშ მხოლოდ სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობდნენ და არა კონფლიქტის გადაჭრას.

„მოგვიწოდებდნენ, შევგუებოდით რეალობას, მაგრამ ჩვენ ვუთხარით - არა“.

შეკითხვაზე პასუხად, რომელიც უკრაინის მაგალითს ეხებოდა, ალიევმა ათ წუთზე მეტს დაუთმო. მან გაიხსენა, როგორ უწევდა აზერბაიჯანს წლების განმავლობაში წინააღმდეგობის გაწევა საერთაშორისო ზეწოლის, მუქარებისა და შანტაჟის პირობებში.

„ზოგიერთ საერთაშორისო აქტორთან დაკავშირებულ მუქარებზე, ზეწოლაზე, შანტაჟსა და სხვა შეუფერებელ ქმედებებზე რომ მოვყვე, ამისთვის ცალკე შეხვედრა იქნება საჭირო. თუმცა დავუბრუნდები იმ აზრს, საიდანაც დავიწყე, არასდროს არ დანებდეთ და არასდროს არ შეეგუოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“.

შუშის გლობალური მედიის ფორუმი წელს მესამედ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო მედიასაშუალებების, ანალიტიკური წრეებისა და რუსეთის სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები