მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ შეიძლება მედიით ვიგებდეთ ასეთ გადაწყვეტილებებს“ - სასტუმრო Old Town Mtatsminda

60a2855d3aa20
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.21 10:15
3260
თბილისში მოქმედი სასტუმროს Old Town Mtatsminda-ს დამფუძნებელი და მენეჯერი მთავრობის მიერ კომენდანტის საათის გადაწევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანამ Covid-19–თან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.

BM.GE-სთან საუბრისას ირაკლი გვეტაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად უკრაინელ, რუს და ისრაელელ ტურისტებს მანსპინძლობენ.

„მივესალმებით, რომ მოხდა კომენდანტის საათის გადაწევა. რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, რომ ვაკონტროლოთ დაავადება და ვიცხოვროთ მასთან ერთად. მთელი ცხოვრება 21:00 საათამდე გამოკეტილები ვერ ვისხდებით, ასე ნელ-ნელა გახსნას თავისი გამართლება აქვს“, - ამბობს ირაკლი გვეტაძე.

შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად სასტუმროს მენეჯერი მიიჩნევს, რომ სექტორთან არასწორი კომუნიკაციის გამო, ტურიზმი და ქვეყანა ძალიან ბევრ ტურისტს და შემოსავალს კარგავს. ის ამბობს, რომ მთავრობის დადგეგმილი გადაწყვეტილებების შესახებ დარგის წარმოამდგენლებმა წინასწარ უნდა იცოდნენ და მაგალითად, სახმელეთო საზღვრების გახსნის საკითხი მოჰყავს.

„გადაწყვეტილებების მიმღებებს შორის დღეს ალბათ არავინაა, ვისაც ტურიზმის სპეციფიკა ესმის. ორი ექიმის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, რომელმა სასტუმრომ და რომელმა სახინკლემ იმუშაოს. ტურიზმი ასე ვერ იქნება, რომ დღეს გახსნა საზღვარი და ხვალ შემოვიდეს ხალხი.

ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ და ვერ ვაფიქსირებთ, როდის გაიხსნება საზღვარი. ჯავშნები შემოდის რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თუმცა არანაირი პროგნოზი არ კეთდება სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, ამიტომ როცა უახლოვდებიან ჯავშნების ვადას, აუქმებენ. თუ გვეცოდინება, რომ პირობითად 5-ში, 10-ში ან სხვა რომელიმე რიცხვში გაიხსნება საზღვრები, მთელი ეს პერიოდი ჯავშნების გაკეთებისთვის იქნება გამოყენებული. ტურიზმის ამოქაჩვის ერთადერთი გზა ახლა მეზობელი ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნაა. თუ ვეუბნებით, რომ ხვალ დილით ვიხსნებით, ასე ტურისტები ვერ დაჯავშნიან სასტუმროებს. საჭიროა ეფექტური კომუნიკაცია, რათა განსაზღვრული იყოს ყველაფერი. არ შეიძლება საინფორმაციოებით ვიგებდეთ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ“, - განმარტა Old Town Mtatsminda-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები