მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ შეიძლება, სამედიცინო პერსონალი განათლებით უნივერსიტეტის დონეზე რჩებოდეს - მინისტრი სტომატოლოგების მოთხოვნაზე

სარჯველაძე

არ შეიძლება, რომ სამედიცინო პერსონალი განათლების თვალსაზრისით მხოლოდ საუნივერსიტეტო დონეზე რჩებოდეს, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რაც სტომატოლოგების პროტესტს შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ 700-ზე მეტი სტომატოლოგი უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის ვალდებულების გადავადებას და ბუნდოვან საკითხებზე განმარტებებს ითხოვს. 432-ე დადგენილების თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგებს ვალდებულება უჩნდებათ, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და შესაბამის აკრედიტებულ ტრენინგებზე დასწრებით წელიწადში მინიმუმ 20 უწყვეტი სამედიცინო განათლების ქულა დააგროვონ.

“თუ თქვენ გულისხმობთ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ დიპლომის შემდგომი განათლების მიმართულებით, ან ტრენინგების დაგროვებასთან დაკავშირებით აქვთ წინააღმდეგობა და არ სურთ, რომ ეს გაგრძელდეს, არის ასეთი მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იწვევდეს მომსახურების ღირებულების ზრდას. თუმცა, ამ შემთხვევაში აპრიორი იმის თქმა, რომ ეს მომსახურების ღირებულებას გაზრდის, არ დავეთანხმები.

ამას სჭირდება კვლევა, მაგრამ, მეორე მხრივ, არ დაგვავიწყდეს, რომ მიზანი იმისა, რასაც ცალკეული სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ, გახლავთ ის, რომ სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაცია იყოს მუდმივად მზარდი და დიპლომის შემდგომ ის ხორციელდებოდეს. ვფიქრობ, რომ ესეც არ გახლავთ საძრახისი ინიციატივა, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს. არ შეიძლება, რომ თანამედროვე ეპოქაში, მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლების დონეზე რჩებოდეს სამედიცინო პერსონალი განათლების თვალსაზრისით. ის აუცილებლად საჭიროებს დიპლომის შემდგომ უწყვეტ განათლებას. ბევრ პროფესიაშია ასეთი მწვავე საჭიროება და ამ თვალსაზრისით მედიცინაც არ არის გამონაკლისი”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება შეხვედრის მოთხოვნას, მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები