საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტში ყირგიზეთის ბაზრის წილის "ანომალიურ" ზრდას ალექსი ნონიაძე აფასებს და აღნიშნავს, რომ, ვინაიდან აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი დაკეტილია, საქართველოდან მცირე აზიაში ავტომობილების გასვლა მხოლოდ ლარსის საზღვრიდან შეიძლება, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ავტომობილები რუსეთში რჩება.
საქმე ისაა, რომ საქსტატის თანახმად, 2024 წელს საქართველოდან ყირგიზეთში $1.2 მილიარდის ღირებულების 34 ათასზე მეტი ავტომობილი გაიგზავნა, თუმცა ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, ქვეყანაში მხოლოდ $61 მილიონის ღირებულების 5.4 ათასი ავტომობილი ჩავიდა. აღნიშნული აჩენს ეჭვს, რომ ყირგიზი ავტოდილერები, საქართველოდან ავტომობილის გაყვანის შემდეგ, გზაშივე ახდენენ მათ რეალიზაციას, ვიდრე ავტომობილი ყირგიზეთში ჩააღწევს. არსებობს რისკიც, რომ საქართველოდან გასული ავტომობილები რუსეთში რჩება, რადგან, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, დასავლური სანქციები რუსეთში ავტოიმპორტზეც გავრცელდა. ავტომობილების რეექსპორტში მსხვილ წილს იკავებს ყაზახეთის ბაზარიც.
"წლებია, ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დაკეტილია. სახმელეთო გზით როცა ხდება [ავტომობილის] გაყვანა ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ალტერნატივა მხოლოდ ლარსის საზღვარი რჩება. რომ წარმოვიდგინოთ, რომ რეექსპორტით გადის ავტომობილი ყაზახეთში, ყველა ვარიანტში რუსეთის ტერიტორია უნდა გაიაროს. ამიტომ ძნელია გადაჭრით თქვა, რომ ეს ავტომობილი ლარსის გადაკვეთის შემდეგ რჩებოდა რუსეთში და ყაზახეთში არ მიდიოდა, მაგრამ ვერც რუსეთში დარჩენას გამოვრიცხავთ. ამ მანქანების დანიშნულების ბოლო პუნქტი რა არის არ მინახავს.
მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, რუსეთის სანქციებამდე, ცენტრალური აზიის ქვეყნებში რუსეთიდან შედიოდა ავტომობილები, მათ შორის ძვირად ღირებულიც, და მას შემდეგ, რაც სანქციები ამოქმედდა, ბუნებრივია, ავტომობილები ცენტრალურ აზიაში რუსეთიდან ვეღარ შევიდოდა. დარჩა ალტერნატიულ გზად საქართველო. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყაზახეთსა და ყირგიზეთში რომ შედის, იქიდანაც ნაწილდება დანარჩენ აზიურ ქვეყნებში და მათ მოთხოვნას აკმაყოფილებს", - განმარტა ალექსი ნონიაძემ.
კითხვაზე, რამდენად აჩენს აღნიშნული სტატისტიკა წნეხს ბიზნესზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ, კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დასავლური სანქციების საქართველოზე გავრცელების რისკი არსებობს, ნონიაძე პასუხობს, რომ ეს როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს გამოწვევაა.
"ეს გამოწვევა არა მარტო ჩვენი ბიზნესისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვისაა. რისკი იმისა, რომ სანქციები დაგვიწესონ, ბუნებრივია არის. ერთადერთი თავის დაზღვევა ის იქნება, დასავლელ კოლეგებს ვესაუბროთ, ავუხსნათ დეტალურად, რა, როგორ და რანაირად, რომ მათ კონსულტაციის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. ბიზნესთან საუბრის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დამღუპველი იქნება ჩვენთვის.
თუ მიზანი ისაა, რომ რუსეთი დასანქცირდეს, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ. ავტომობილები მაინც ხვდება რუსეთში, თუნდაც ჩინეთიდან, და სატრანსპორტო საშუალებების დეფიციტი ნამდვილად არ აქვთ, ერთადერთი რისი პრობლემაც და დისკომფორტიც აქვთ სანქციების გამო, ბიუჯეტში ფინანსური ნაკადების მოძიებაა. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ მთელი რეექსპორტი საქართველოდან ხვდება რუსეთში, ეს რუსეთის ბაზრის მოთხოვნის 3%-საც ვერ აკმაყოფილებს. ასევე უცნობია, რა მეთოდოლოგიით ითვლიან სტატისტიკას ცენტრალური აზიის ქვეყნებში ან ჟურნალისტურ გამოძიებებში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია და პასუხი უნდა გაეცეს ყველაფერს", - აცხადებს ალექსი ნონიაძე.