"არ ვფიქრობ, რომ საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ქვეყნის ორიენტაცია", - ამის შესახებ "რუსული კანონის" შეფასებისას გელა ხანიშვილმა განაცხადა. ფერმერული მეურნეობა „აგრო-1959“-ის მმართველმა პარტნიორმა და სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა სამინისტრო ევროინტეგრაციისთვის მუშაობს.
"გულწრფელად მჯერა იმიტომ, რომ მე თვითონ როგორც ერთ-ერთი საჯარო მოხელე 7 წლის განმავლობაში ვაკეთებდი მხოლოდ ერთ რამეს: ვაკეთებდი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯის [გამოსწორებას]. იგულისხმება ყველა ნორმატიული აქტის გაუქმება, 850 აქტის. თქვენ ახსენეთ DCFTA, ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში გაიწერა 2015-2027 წლებში მთავრობის მიერ მისაღები დადგენილებები და ნორმატიული აქტები. საქართველოს სახელმწიფო უწყებები, ყველა სამინისტრო მხოლოდ და მხოლოდ ამას აკეთებდა. მარტო სოფლის მეურნეობაში 272 დოკუმენტი უნდა მიღებულიყო 2015-2027 წლებში და გასულ წლამდე მიღებული იყო 183 დოკუმენტი, გარემოს დაცვის კუთხით უნდა მიღებულიყო 28 დოკუმენტი, მიღებულია 27. საქართველოს პარლამენტში ყოველ კვარტალში ერთხელ ბარდებოდა ევროკავშირის გზაზე მიმავალი დოკუმენტების მიღების ანგარიში, მათი მიღებისა და უკვე მიღებული დოკუმენტების ანგარიში, ის მიიღებოდა და მიიღება 2015 წლიდან. არცერთი სხვა ნაბიჯი, რომელიც დაგვაშორებდა ევროკავშირს და დაგვაახლოვებდა რუსეთს ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს, საქართველოს მთავრობის მიერ ჩემ პერიოდში სოფლის მეურნეობის კუთხით არ გადადგმულა და არც ჩემ შემდეგ გადადგმულა", - განაცხადა გელა ხანიშვილმა.
- როდესაც გვეუბნებიან მეგობრები, თქვენ თუ ამ კანონს მიიღებთ, ვერ მიგიღებთ ევროკავშირში…
- მაგას არავინ ამბობს…
- როგორ არა, გუშინ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ თქვა.
- მთელი ჩემი ცხოვრება ემსახურება ქვეყნის გაუმჯობესებას, ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებას, ამას ემსახურება ჩემი შვილების აღზრდა. ჩემმა გოგომ 15 წლის ასაკში ჩააბარა კემბრიჯის კოლეჯში, ლონდონის უნივერსიტეტი. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპისკენ სვლა,რას ნიშნავს რუსეთისკენ სვლა. ქვეყანა ცალსახად მიდის ევროპისკენ, ყველანაირი სხვა მოსაზრება არგუმენტების გარეშე, არის შეუძლებელი, რომ განვიხილო. რა თქმა უნდა არსებობს, მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც განსხვავებული პოზიციები არსებობს, მაგრამ ქვეყნის კურსი არის ცალსახად ევროპული. დანარჩენი ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგია.
- დემაგოგიას ეძახით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ გუშინ ჩამოვიდა მიხაელ როთი, დღეს ჩამოვიდნენ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები. მათ თქვეს, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს არ არის პრობლემა?
- ვუსმენ ყველა მათგანს და ვუსმენ პასუხებსაც. ჩემთვის ცალსახა არის ერთი რამ... ვისმენთ მსჯელობებს არა კანონზე, არამედ კანონის მიღმა. კანონის კითხვა კარგად ვიცი, რადგან მთელი ცხოვრება, დაწყებული საბჭოთა კავშირიდან, ამას ვაკეთებ. არსებობს მსჯელობა, როგორ შეიძლება იყოს კანონი მისაღები", - განაცხადა გელა ხანიშვილმა.