"ვერცერთი მთავრობა, ვერც წარსულში, ვერც დღეს და ვერც მომავალში ვერ გარისკავს რუსეთისკენ გადადგას ნაბიჯი. ეს არის თვითმკვლელობის ტოლფასი“, - ეს განცხადება საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ე.წ. „რუსულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო. გელა ხანიშვილმა დონორებს მოუწოდა, საქართველოში ინვესტიციების და პროექტების მოცულობა გაზარდონ, რადგან სწორედ ეკონომიკის გაძლიერება დაეხმარება ქვეყანას ევროინტეგრაციაში.
- მინდა, თქვენი ტელევიზიით მივმართო დონორებს - მეგობრებო, ვმუშაობდი ყველასთან. ყველა დონორი ორგანიზაცია მიცნობს, ვინც საქართველოშია. ყველას გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები - საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გაიარა პატარა პროექტების კეთების ეტაპი. დღევანდელი ეტაპი კი, ცალსახად ამბობს ერთ რამეს, რომ დონორებმა საქართველოში უნდა ჩადონ უფრო მეტი ფული, უფრო მეტი ინვესტიცია, რათა საქართველო სიტყვით კი არა, რეალური საქმით დაუახლოვდეს ევროკავშირს და ჩვენი სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, მძიმე მრეწველობა, მივიყვანოთ იმ დონეზე, რომელიც ევროკავშირის კარებს გააღებს. როგორი გულანთებული ახალგაზრდებიც არ უნდა იყვნენ, EU-ის კარებს არ აღებს, მიტინგი. ევროკავშირის კარებს აღებს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც ასოცირების შეთანხმების 1000 გვერდშია გაწერილი; ამიტომ დონორებს ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი - ეს კანონი და ნებისმიერი სხვა კანონი რომ გადაიფაროს ამ ქვეყანაში, აუცილებელია, უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმა, უფრო მეტის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში, რათა ფერმერმა, მოქალაქემ იგრძნოს რეალური ძალა. 5000-ლარიანი პროექტებით საქართველო ვერ შევა ევროკავშირში.
- დონორებისგან მეტი ფული გვინდა, მაგრამ თან ვუწოდებთ „უცხო ძალას“ და არა „მეგობრულ ძალას“?
- თუ ეს ძალა მეგობრულია , წარწერა „უცხოური ძალა“ არის შინაარსი. მეგობრულია მათი ფული, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის ან სხვა დარგების განვითარებას ახდენს.
- დონორებს და პარტნიორებსაც ეს კითხვა აქვს - განვითარებაში გეხმარებით და უცხო ძალა რატომ უნდა მიწოდოთო?
- იმიტომ, რომ უცხო ძალაა.
- მგონი, არ გინდათ დაიჯეროთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაწერა კანონი, რომლითაც ევროკავშირს, ამერიკას და სხვა პარტნიორებს და დონორებს „უცხო ძალას“ არქმევს და ამას აქვს ცუდი მიზანი და არა - გამჭვირვალობა...
- გამორიცხულია, „ქართულ ოცნებას“, რომელიც 12 წელია მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირთან დაახლოებაზე, აშშ-ისკენ წასვლაზე და ნატოში შესვლაზე მუშაობს და არცერთ ნაბიჯი სხვა მიმართულებით არ გადაუდგამს, სხვა მიზანი ჰქონდეს.
- დღეს, სწორედ აშშ და ევროკავშირი გვეუბნებიან, რომ ამ კანონით შორდებით დემოკრატიულ ტრაექტორიასო და ყველა ჩვენი ძირითადი პარტნიორი გაგიჟდა?
- არ გაგიჟდა.
- მაშინ რატომ გვეუბნებიან ამას თუ „ოცნებაა“ სუსტი და ვერ აგებინებს პარტნიორებს, რას აკეთებს?
- არ არის სუსტი. ყველა ქვეყანას თავისი მოტივაცია აქვს. მათ შორის საქართველოს აქვს თავისი გზა. ამ გზაზე მივდივართ 35 წელია შეფერხებებით, პრობლემებით, მაგრამ განუხრელად მივდივართ ევროპისკენ. ჩემი თითოეული ნაბიჯი, ამ რისკიან საუბარში შემოყოლაც, არის იქითკენ მიმართული, რომ გადავდგათ ყველა რეალური პრაქტიკული ნაბიჯი ევროკავშირში შესასვლელად. ვერცერთი მთავრობა, ვერც დღეს, ვერც წარსულში და ვერც მომავალში ვერ გარისკავდა და ვერ გარისკავს რუსეთისკენ გადადგას ნაბიჯი. ეს არის თვითმკვლელობის ფასი... ჩემი აზრით, ამერიკამ და ევროპამ, რაც უნდა თქვან და გააკეთონ არის, უფრო მეტი გვერდში დგომა და უფრო მეტი დახმარება - მეტი ნაბიჯი გადმოდგი, მეტად გამაძლიერე, ნუ მიმატოვებ ისე, როგორც 2008 წელს...
- ნუ მიგვატოვებინებთ თავსო - მათი გზავნილებიც უნდა გაიგონოს ხელისუფლებამ.
- 2008 წელს სულ არ არსებობდა ეს კანონი, ნატოში რომ უნდა მოეცათ მაპ-ი, მაგრამ არ მოგვცეს; ეს მიტოვება მაშინ ვიღაცისთვის ძალიან მძიმე სიგნალი აღმოჩნდა.
-ახლა მთავარია, ჩვენ არ მივატოვებინოთ თავი ნამდვილ საერთაშორისო მეგობრებს და რუსეთთან მარტო არ დავრჩეთ.