საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ვერ ხვდება რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს DRG სისტემის ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებიდან. უფრო მეტიც, ქეთი ჩხატარაშვილი მისი არასწორად გაგების შემთხვევაში დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემის შეჩერების გარკვეულ რისკებს ხედავს.
საქმე ის არის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2026 წლის განმავლობაში ეფექტიანობის 7 აუდიტს ჩაატარებს, რაც მთლიანი აუდიტორული საქმიანობის (47 აუდიტი) 15%-ს შეადგენს. აქედან ერთ-ერთი „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემაა. აუდიტის მიზანი DRG მეთოდის დანერგვის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასებაა.
საკითხთან დაკავშირებით BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკას“ წამყვანის კითხვაზე რამდენად ლოგიკურია ჯანდაცვის სამინისტრო ვთქვათ, მუდმივ მონიტორინგს არ უწევდეს ამ სისტემას, თუნდაც იგივე ჯანდაცვის ანგარიშებში და დაელოდოს, აუდიტის ეფექტიანობის კვლევას და რა შეიძლება მივიღოთ საბოლოო ჯამში ამ შეფასებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ასე პასუხობს: „მართალი გითხრა, ვერ ვხვდები იმიტომ, რომ უფრო დიდი შანსია, რომ მივიღოთ ის, რაც ადრე მიგვიღია, ბევრი კარგი იდეა ამ ქვეყანაში იმპლემენტაციის დონეზე გაჩერებულა და გამქრალა იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაცა არასწორად გაუგია. არ ვიცი, DRG-ისგან რას ელოდებიან, იმიტომ, რომ DRG არასოდეს არ ყოფილა და არავის არ შეუქმნია იმისთვის, რომ რამე ხარჯი შეემცირებინოს ან შეეკავებინოს. DRG-ს იდეა, 70-იან წლებში როცა გაჩნდა, იყო ის, რომ საავადმყოფოებისთვის მიეცათ ინსტრუმენტი, რის საშუალებითაც ისინი შეაფასებდნენ მათ მიერ გამოყენებული პროდუქტების და მიდგომების ეფექტურობას“.
ქეთი ჩხატარაშვილი აცხადებს, რომ ეფექტიანობის აუდიტის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კონსულტაციები DRG სისტემაში გარკვეულ ადამიანებთან გაიარონ.
„ახლა ამის დანერგვის ეფექტურობის შეფასება, რას გულისხმობს, რას უყურებენ, რა კუთხით აპირებენ, ანუ რას გულისხმობენ ეფექტურობაში, ცოტა რთული შესაფასებელია. რაღაც ეტაპზე როცა პირველადი იდეის დახვეწა მოხდა და DRG-მ მსოფლიოში ფართოდ უკვე დაიწყო გავრცელება, საქართველოში DRG-ს შემოტანის იდეა და აზრი ის იყო, რომ ჯანდაცვაზე დანახარჯი, რომელიც ყოველწლიურად იზრდებოდა და ყოველი წლის ბოლო კვარტალში ფაქტობრივად ორმაგდებოდა, გარკვეულწილად პროგნოზირებადი გამხდარიყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამისად, ქვეყნის მთავრობას, დაახლოებითი წარმოდგენა ჰქონოდა წელიწადში რას ხარჯავს იმ პროგრამებზე, რასაც ახორციელებს და აფინანსებს. მაგრამ მოლოდინი იმისი, რომ ამის დანერგვით ეს დანახარჯი მათ შეუმცირდებოდათ, აბსოლუტურად არასწორია და რატომ გაჩნდა ეს მოლოდინი, საერთოდ გაუგებარია.
ამ მიდგომიდან გამომდინარე, სანამ აუდიტი შეფასებას დაიწყებს, კონსულტაცია უნდა გაიარონ იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ სისტემაში ერკვევიან და ესმით. ალბათ გაცილებით უფრო ეფექტური და მიზანშეწონილი იქნება, ვიდრე გაუგებარი მეთოდოლოგიით წავიდნენ და შეაფასონ რა არ ვიცით“, - განაცხადა ქეთი ჩხატარაშვილმა.




























