მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არ ვრეგისტრირდებით... ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში 26 ოქტომბრამდე“ - „სისხლის უანგარო დონორები“

რუსული კანონი

მოხალისეობრივი ორგანიზაცია "სისხლის უანგარო დონორები" რუსული კანონის მიხედვით რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერ არ იციან გააგრძელებენ თუ არა მუშაობას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

"2024 წლის პირველი (1) სექტემბრიდან ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში ამ წლის 26 ოქტომბრამდე. მერე ვნახოთ.

კერძოდ, ყველა პოსტს ექნება განცხადება, ტექსტით, რომ „სისხლის უანგარო დონორები“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას! რუსული კანონი გააქრობს სამოქალაქო სექტორს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დახმარება დაგჭირდებათ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენ გვერდში დაგიდგებათ.

ორგანიზაცია “სისხლის უანგარო დონორები” თავის ხმას გამოიყენებს ცვლილებებისთვის. გადაწყვეტილება კი უცვლელია, არ ვრეგისტრირდებით. ჩვენ არ ვთვლით თავს უცხო ქვეყნის აგენტებად. თითოეული დღე და წუთი ჩვენი მხრიდან ქვეყნის და თანამოქალაქეების კეთილდღეობას ეთმობა.

ვინაიდან ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლესთან, ვაგრძელებთ ისეთივე უკომპრომისო ბრძოლას კანონის წინააღმდეგ, როგორ შეუდრეკელადაც სიცოცხლის სადარაჯოზე ვეპოტინებით სრულიად უცხო ადამიანების თითოეულ წუთს ჩვენ გვერდზე.

გვჯერა, ეს დრო და ენერგია უნდა იხარჯებოდეს ევროპული ხარისხის ჯანდაცვის შენებაზე და ისეთი ქვეყნის მოწყობაზე, სადაც პაციენტის ოჯახის წევრს სისხლის პაკეტის სოციალური მედიით ძებნა არ მოუწევს.

შესაბამისად, ამ ეტაპზე გავაგრძელებთ საქმიანობას ზუსტად ისე, როგორც ადრე - სრულად მოხალისეობრივად, იმის იმედით, რომ ის საზოგადოება რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხართ და მხარს გვიჭერთ, ანალოგიურად გამოიყენებთ თქვენს ხმას - ცვლილებებისთვის.

სხვა გზა არ გვაქვს - გვჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არაერთხელ გვინახავს, იმედგადაწურული პაციენტის ოჯახები, რომლების ცხოვრებაც სასიკეთოდ შემოტრიალებულა", - ნათქვამია "სისხლის უანგარო დონორების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები