მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ ვთვლი, რომ ბიზნესი გაჩუმებულია. ბიზნესი, უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებს|ინტერვიუ ირმა დაუშვილთან

ირმა დაუშვილი

კომპანია „დიოს“ დამფუძნებელ ირმა დაუშვილის განცხადებით, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, შეშფოთებულია როგორც ბიზნესი, ისე საზღვარგარეთაც „იგრძნობა შეშფოთება“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვების პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისის და საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნესის განწყობებზე გავლენას შეეხებოდა. „რა თქმა უნდა, ჩვენც გვაშფოთებს [შექმნილი მდგომარეობა], მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვიწევს ადაპტაცია“, - ამბობს „დიოს“ დამფუძნებელი.

- ზოგიერთი ბიზნესმენი, საერთაშორისო პარტნიორების განწყობაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ საინვესტიციო ინტერესი განულებულია. თქვენ თუ ამჩნევთ მსგავს განწყობას და ზოგადად, როგორ მოქმედებს ბიზნესზე მხოლოდ ქაღალდზე დარჩენილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და შიდა პოლიტიკური კრიზისი?

- ჩვენი ბიზნესის მიმართულებით მსგავს [განწყობას] ვერ გამოვყოფდი, რადგან უკვე 30-წლიანი ურთიერთობა გვაქვს [პარტნიორებთან]. აი, ახლაც ჩამოდიან სტუმრად... თუმცა ახლახან მომიწია ლონდონში ყოფნა და ერთ-ერთ ბიზნესფორუმზე დასწრება - იგრძნობა შეშფოთება [საქართველოსთან მიმართებით]. 20 წლის წინ, თუ მიწევდა იმის ახსნა, რომ საქართველო იყო ქვეყანა და არა - აშშ-ის შტატი ჯორჯია, დღეს, იციან, რომ საქართველო ქვეყანაა და პირველი, რაზედაც გეკითხებიან მისალმების შემდეგ, არის ის პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც აქ ტრიალებს... ეს მათ აშფოთებს.

- უშუალოდ, ბიზნესს არ გაშფოთებთ?

- რა თქმა უნდა, ჩვენც გვაშფოთებს, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვიწევს ადაპტაცია.

- მაგალითად, შარშან, ბიზნესასოციაციამ ქალები მომავლისთვის“ საქართველოს პარლამენტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც კი ქაღალდზე დარჩა და უვიზო რეჟიმი შეჩერების რისკებიც არსებობს, მაგრამ ბიზნესმენები, ბიზნესასოციაციები დუმილის რეჟიმში რჩებიან. რატომ?

- ბიზნესს აქვს ძალიან ბევრი ვალდებულება ყველა მიმართულებით - პასუხისმგებლობა აქვს მოსახლეობის მიმართ, დასაქმებულების მიმართ და სახელმწიფოს მიმართ. რეალურად, შესაძლებლობები მოდის ბიზნესიდან, რომელსაც ბიუჯეტში შეაქვს გადასახადები. სამაგიეროდ, მადლიერება არ აქვს ბიზნესს... ბიზნესს არ აქვს უფლება გაჩერდეს, ბიზნესს არ აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი. დარწმუნებული ვარ, პიროვნულად ყველა ბიზნესის წარმომადგენელს აქვს თავისი პოზიცია და გამოხატავს, მაგრამ როგორც ბიზნესერთეულს, გაჩერების და შეჩერების უფლება არ გვაქვს...

- ჩემი კითხვაა - მაგალითად, იგივე ბიზნესგაერთიანებები, რომლებმაც სამი წლის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება ერთობლივად სთხოვეს, დღეს რატომ არ მოუწოდებენ „ოცნების“ მთავრობას, დააბრუნოს ქვეყანა ევროპულ გზაზე?

- რამდენჯერაც მოვუწოდეთ, შედეგზე ვერ გავედით და ალბათ ამიტომ...

- არ ესმის ხელისუფლებას ბიზნესის ხმა - ეს არის დუმილის მიზეზი თუ პრობლემების შექმნის შიშიც?

- დიახ, შეიძლება ასეც იყოს... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბიზნესს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს - ის ავსებს სახელმწიფო ბიუჯეტს.

- დიახ, რომელსაც შემდეგ მთავრობები ხარჯავენ...

- კარგი იქნებოდა, ამ მიმართულებით ცნობადობის ამაღლება. ძალიან დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ და კიდევ ერთხელ გავაჟღერებ - თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ბიუჯეტი დგება მათ მიერ გადახდილი გადასახადებით, უბრალოდ, ჩვენ გვევალება გადავიხადოთ მათი საშემოსავლო გადასახადები. აშშ-ში და ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყანაში ასე არ არის - დასაქმებულებს სრულად ერიცხებათ ხელფასი და ისინი ვალდებულები არიან, თავად გადაიხადონ თავისი საშემოსავლო. საქართველოში კი, დასაქმებულს თუ ჰკითხავ - რამდენია მისი ხელფასი, გეტყვის იმ თანხას, რომელსაც ხელზე იღებს, მაგალითად, 1000 ლარს, იმის ნაცვლად, რომ გითხრას - ₾1250. [250 ლარი მიდის ბიუჯეტში 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის სახით]. თუ ასე დაითვლის, მერე შეიძლება უფრო მომთხოვნი გახდეს მოქალაქე სახელმწიფოს მიმართ... დარწმუნებული ვარ, ბიზნესმა გააკეთა კიდეც განცხადებები და გააკეთა ყველაფერი, როცა საჭირო იყო და თუ საჭირო გახდება, კიდევ გააკეთებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის, არ ვთვლი, რომ ბიზნესი გაჩუმებულია, ბიზნესი უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები