ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენდირექტორს, ხერტ იან კოოპმანს მიმართავს, რომელიც დღეს საქართველოს ეწვევა. კრამონი ევროკომისიის მაღალჩინოსანს მოუწოდებს ეს ვიზიტი გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას უთხრას, საკუთარი ხალხის ცემა შეწყვიტოს.
"გთხოვთ, გამოიყენეთ ეს ვიზიტი დღეს იმისთვის, რომ უთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საკუთარი ხალხის ცემა. არა ძალადობას და სისასტიკე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. უთხარი მათ გაიწვიონ რუსული კანონი - არა ლამაზ პროექტებსა და ბედნიერ ფოტოებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად". - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ცნობისთვის, ხერტ იან კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერს, მთავრობის წევრებს, მათ შორის ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში.
"ბატონი კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის", - ნათქვამია EU-ს პრესრელიზში.