მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არაერთი ბიზნესი მოსპეს“ - ბიძინა ივანიშვილი ქართველ მეწარმეებს მიმართავს

5f820842edf67
თელარა გელანტია
01.10.20 22:00
2117
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი ბიზნესისთვის იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ამის შესახებ მან პარტიის 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ქართველ ბიზნესმენებსაც მიმართა.

„მინდა, ჩვენს საამაყო მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქმნება საქართველოს ეკონომიკა და დოვლათი, შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი, და როგორ ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს, საგანგებოდ შექმნილი სადამსჯელო სახელმწიფო ინსტიტუტები.

ბიზნესისთვის, ის პერიოდი იყო, მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე.

რეჟიმმა ქვეყანაში დაამკვიდრა, პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული, მანამდე არნახული, მძლავრი კორუფციული სისტემა, კლასიკური კლეპტოკრატია, როდესაც ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში თავმოყრილი იყო, ეკონომიკის თითქმის ყველა შემოსავლიანი სექტორი. ვინც კი გაბედა, რაიმე ფორმით წინააღმდეგობა გაეწია ამ მანკიერი ფინანსური წესრიგისთვის, მყისიერად დააპატიმრეს და იძულებით ჩამოართვეს ქონება.
ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს. ხალხის ძარცვით მიღებული ასეულობით მილიონი კი, ილექებოდა უცხოურ ბანკებში, მათ საგულდაგულოდ გადამალულ ანგარიშებზე. სწორედ ამ დანაშაულებრივი თანხებით ფინანსდება მათი დღევანდელი პოლიტიკური აქტიურობა.

ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, რადგან სამწუხაროდ, არ არსებობს ჩვენი სამშობლოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სფერო, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლების მავნებლური ზემოქმედებისა და დამანგრეველი მმართველობის შედეგებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები