ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ამ შენობას. არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც მიუღია - ამ რეპლიკით გააწყვეტინა სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, რომელიც ამბობდა, რომ "ოცნებამ" პარლამენტში რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა.
" მაინც შეგახსენებთ ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ამ შენობას. არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც მიუღია და არც მიიღებს. ეს პათეტიკა რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გაგივათ. გადით ქართველ ხალხში და მათ ჰკითხეთ. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამის შემდეგ, სესიაზე ალეკო ელისაშვილმა ისარგებლა სიტყვის უფლებით და თქვა, რომ კანონი რუსულია და წერტილი კი არა, აქ ძახილის ნიშანია დასმული.
პარლამენტის თავმჯდომარემ მასაც უპასუხა.
" ეს არის ანტიქართული პროპაგანდა და ამის უფლებას არ მოგცემთ. ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს" - თქვა პაპუაშვილმა.
მიკროფონის გათიშვის შემდეგ, ელისაშვილი სიტყვას ითხოვდა, რის გამოც თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა.
შეგახსენებთ, „ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიციროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, ერთი განსხვავებით.